საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - სააკაშვილის ინტერესებს პროცესზე იძულებით დანიშნული საზოგადოებრივი იცავს

25.06.26 13:17
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - სააკაშვილის ინტერესებს პროცესზე იძულებით დანიშნული საზოგადოებრივი იცავს

ბრალდებულის გარეშე და იძულებით დანიშნული ადვოკატით - ასეთ რეჟიმში მიმდინარეობს ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის განხილვა. მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ახლა საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომელსაც სააკაშვილის მიერ ნდობა გამოცხადებული არ აქვს. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ძველი ადვოკატი, ბექა ბასილაია წინა სხდომიდან მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გააძევა.

საზოგადოებრივ ადვოკატს ზუსტად ერთი დღე ჰქონდა 47 ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად.

დღევანდელ სასამარათლო პროცესზე განსასჯელსი სკამზე ზის მხოლოდ ნიკა გვარმია, ზურა ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე. მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე პროცესს არ ესწრებიან. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები