TI: ცენზურა კანონის სახელით: როგორ ებრძვის „ოცნება“ კრიტიკულ მედიას კომუნიკაციების კომისიისა და პროკურატურის ხელით
როგორ ებრძვის „ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიას კომუნიკაციების კომისიისა და პროკურატურის ხელით - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას.
TI კომუნიკაციების კომისიის მიერ „ტელეკომპანია პირველი“ 2 500 ლარით დააჯარიმებისა და „ფორმულას“ სიუჟეტის საფუძველზე სისხლის სამართლის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.
"25 ივნისს, კომუნიკაციების კომისიამ სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილში უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების გამო, კრიტიკული მაუწყებელი „ტელეკომპანია პირველი“ 2 500 ლარით დააჯარიმა. მანამდე, 21 მაისს, კომისიამ იმავე მიზეზითა და იმავე ოდენობის თანხით კიდევ ერთი კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულაც“ დააჯარიმა. 16 ივნისს კი, პროკურატურამ აგრეთვე „ფორმულას“ სიუჟეტის საფუძველზე სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ამბობს, რომ მიზანი ჟურნალისტების დაშინება, მამხილებელი წყაროების გაჩუმება და საბოლოოდ - კრიტიკული ტელევიზიებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა.
"ცენზურა უკვე კანონის სახელით მოქმედებს"- წერს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია.
TVPIRVELI.GE "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"25 ივნისს, კომუნიკაციების კომისიამ სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილში უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების გამო, კრიტიკული მაუწყებელი „ტელეკომპანია პირველი“ 2 500 ლარით დააჯარიმა. მანამდე, 21 მაისს, კომისიამ იმავე მიზეზითა და იმავე ოდენობის თანხით კიდევ ერთი კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულაც“ დააჯარიმა. 16 ივნისს კი, პროკურატურამ აგრეთვე „ფორმულას“ სიუჟეტის საფუძველზე სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება.
რას ედავება კომისია „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ მაუწყებლებს?
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველის“ საქმე 2026 წლის 18 ივნისს განიხილა და გადაწყვეტილება 25 ივნისს გამოაცხადა. მაუწყებლის დაჯარიმებას მხარი დაუჭირა კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და სამმა კომისიონერმა - ნათია კუკულაძემ, ივანე მახარაძემ და ანი ვაზაგაშვილმა. სხდომას არ ესწრებოდა კიდევ ერთი კომისიონერი - ეკატერინე იმედაძე.
კომისია მაუწყებელს შემდეგი ფრაზების გამოყენებას - „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოცნების გამოძიება“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“; „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოლიგარქის პარტია“, „სინდისის პატიმარი“ - ედავება და მიიჩნევს, რომ ტელევიზიამ ამით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 ნაწილი დაარღვია და ამბავი პირადი დამოკიდებულების ან/და მოსაზრების საფუძველზე გააშუქა. კომისიის განმარტებით, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში 11-13 მაისის პერიოდში გასული ახალი ამბების გადაცემები შერჩევითი პრინციპით დაამონიტორინგა და ჯამში 7 ასეთი „დარღვევა“ გამოკვეთა.
მანამდე, 21 მაისს, კომისიამ „ფორმულას“ იმავე შინაარსის საკითხი განიხილა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის 1-ლი (მიუკერძოებლობა), მე-4 (ბალანსი) და მე-5 პუნქტების (პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქება) დარღვევა დაუდგინა. კომისიის განმარტებით, ფრაზები - „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების საგამოძიებო უწყება“, „რეჟიმის ოპონენტები“, „ოცნების პრემიერი“ და ა.შ. - არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს და ამბავს პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე წარმოაჩენს. რაც შეეხება მიუკერძოებლობის პრინციპისა და ბალანსის ნაწილს, კომისია მაუწყებელს ერთ-ერთი ამბის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და მისი წარმომადგენლის პოზიციის გარეშე გაშუქებას ედავება.
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების - „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქიცრების შემდეგ დაემუქრა, რომ 2025 წლის აპრილში მიღებულ რეპრესიულ ცვლილებებს აამოქმედებდა და მაუწყებლების შინაარსობრივ მონიტორინგს დაიწყდებდა. კომისიამ 2026 წლის აპრილში, მაუწყებლები „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ფრაზები გამოყენებისთვის, ჯერ წერილობით გააფრთხილა, შემდეგ კი - მათ უკვე ფინანსური სანქციები დაუწესა. მანამდე სანქცირებულ პროპაგანდისტულ არხებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც. „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახძიემ კი - პირდაპირ თქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება „უკლებლივ ყველა ზომას“ მიიღებდა „იმედისა“ და „პოსტვის“ „მედიის თავისუფლების უფლების“ დასაცავად. მანვე „ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიას“ სანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, კრიტიკული მაუწყებლებისთვის იმავე ტიპის „დარღვევის“ კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემთხვევაში, კომისიას უკვე აქვს უფლებამოსილება მაუწყებლებისთვის ლიცენზიის/ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაიწყოს მსჯელობა, რაც განსაგუთრებით საგანგაშოა და თავშივე არსებობდა გნივრული ვარაუდი, რომ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების საბოლოო მიზანი სწორედ კრიტიკული მაუწყებლების „კანონის სახელით“ პარალიზება იყო. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ კომუნიკაციების კომისია შერჩევითად აგრძელებს ორი კრიტიკული მაუწყებლის შინაარსობრივ მონიტორინგს და აღარაფერს ამბობს პროსამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ კრიტიკოსების მისამართით არაერთ დამაკნინებელ და შერაცხმყოფელ შეფასებებსა და ფრაზებს იყენებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება აჩვენებს, რომ რომ ეს სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილია, ამგვარ საკითხებზე მსჯელობა მაუწყებლების თვითრეგულრების ჩარჩოში უნდა რჩებოდეს და მათი განხილვა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციას უნდა სცდებოდეს. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც კომისიის მიმართ არაერთი ლეგიტიკუმი კითხვის ნიშანი არსებობს, მისი ხელისუფლებისადმი მიკერძოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების ხელშეწყობისთვის, რის გამოც, კომისიის ხელმძღვანელი პირების დასანქცირების საკითხი არაერთხელ მოხვდა ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციასა თუ ანგარიშში.
რას ეხება „ფორმულას“ წინააღმდეგ პროკურატურის გამოძიება?
16 ივნისს, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტის საფუძველზე, გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით (სსკ-ის 373-ე მუხლი, I ნაწილი) დაიწყო. დიდი ალბათობით, საქმე ეხება „ფორმულას“ 2025 წლის წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვარში გასულ სიუჟეტებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას კორუფციულ სქემასთან შესაძლო კავშირს შეეხებოდა. პროკურატურის ინფორმაციითვე, საქმეზე გოგა ხაინდრავა მოწმის სტატუსით უკვე გამოკითხეს. ჯერჯერობით უცნობია, რას ან ვის გულისხმობს პროკურატურა „ცრუ დასმენაში“, უწყებაში საქმესთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.
პროკურატურაში „ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომლის საავტორო გადაცემაშიც სიუჟეტები გავიდა, გამოკითხვეზე დღეს, 25 ივნისს დაიბარეს. არსებობს ვარაუდი, რომ გამოძიებას წყაროს იდენტიფიცირება სურს, თავად დავით ქაშიაშვილი კი - მიიჩნევს, რომ სამიზნე სწორედ ისაა. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ სიუჟეტის საფუძველზე, გამოძების სისხლის სამართლებრივი წესით დაწყება ჟურნალისტებისა და პოტენციური მამხილებლების დაშინებას ისახავს მიზნად, რათა მომავალში, სამართლებრივი დევნის შიშით, მათ შესაძლო კორუფციული ან სხვაგვარი დანაშაულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია აღარ მიაწოდოს.
საგულისხმოა ისიც, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე იმ ფონზე დაიწყო, როდესაც მარტში გოგა ხაინდრავამ „ფორმულას“ ცილისწამებისთვის უკვე უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მოტივით, ინფორმაციის უარყოფასთან ერთად, 10 000-ლარიან კომპენსაციასაც ითხოვს.
ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის კრიტიკული ტელევიზიების მიერ სხვადასხვა კორუფციული სქემებთან, თუ სხვა ტიპის დანაშაულთან მისი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების შესაძლო კავშირების თაობაზე მომზადებული მამხილებელი სიუჟეტები და ნაცვლად ამგვარი საქმეების ობიექტურად გამოძიებისა, ის საგამოძიებო უწყებებს კრიტიკული მედიების დაშინებისა და დევნის იარაღად იყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში, სწორედ დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიები საუბრობდნენ იმ არაერთი მაღალჩინოსნის შესაძლო კავშირებზე სხვადასხვა ტიპის დანაშაულებრივ სქემებთან, რომლებსაც „ოცნების“ საგამოძიებო უწყებები დღეს უკვე სწორედ ამგვარი დანაშაულების ჩადენას ედავებიან.
წყაროს გამხელის ან/და დაშინების მიზნით, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, არადემოკრატიული, ავტორატურილი რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერაა, რომლის მიზანიც მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა და პოტენციურ მამხილებლებზე ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობაა. ნებისმიერ ხელისუფალს უნდა ახსოვდეს, რომ წყაროს კონფიდენციალობის დაცვა კანონმდებლობით არის გარანტირებული და ჟურნალისტს მისი გამჟღავნების ვალდებულება არ გააჩნია.
დასკვნა
უკვე წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის სხვადასხვა მეთოდით შევიწროებას, დაშინებასა და გაქრობას ცდილობს, იქნება ეს ფინანსური წნეხი, სამართლებრივი დევნა, თუ ფიზიკური ანგარიშსწორება. განსაკუთრებით საგანგაშოა საგამოძიებო უწყებებისა და კომუნიკაციების კომისიის მედიის დასჯის მექანიზმად გამოყენება, რაც სრულიად ახალი ტიპის საფრთხეს ქმნის, როდესაც მედია და ჟურნალისტები, შესაძლოა, ხელისუფლების კრიტიკისთვის დააჯარიმონ ან/და დაიჭირონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასა და ჟურნალისტებს, რომელთაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ ოპოერირება და აფასებს ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში მათ მიერ გაწეულ საქმიანობას".