კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
კობახიძე ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, დავით სონღულაშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან.