“ლელო - ძლიერი საქართველო“: ვითხოვთ, დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრულ ინსპექტირებას
„ლელო - ძლიერი საქართველო“ ითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრული ინსპექტირება. ამის შესახებ კოალიციის წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
კოალიცია მოითხოვს, საზოგადოებას წარედგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მკაფიო ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით.
ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, თბილისში ადამიანების უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტი გახდეს.
დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტები. ეს არ არის გაზვიადებული სიტყვები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ უბედურ შემთხვევებზე. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ პრობლემაზე და მართვის კრიზისზე. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს თბილისის მერია და პერსონალურად კახა კალაძე.
ეს არის იმის შედეგი, რომ არ დგება კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რაც უზრუნველყოფდა სისტემის მეტ კონტროლს, დაზღვევის მეტ მექანიზმებსა და ბერკეტებს მმართველობის ყველა დონეზე.
როცა თბილისის მერი არაფერზეა პოლიტიკურად პასუხისმგებელი ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გადადის ყველა დონეზე.
არაერთი ტრაგედია ახსოვს ბოლო წლების თბილისს:
ტრაგედია ვაკის პარკში...
ტრაგედია წყნეთში, სკვერში...
ტრაგედია რიყეზე...
ტრაგედია სადგურის მოედანზე, სადაც შენობის ფასადი ჩამოინგრა და ადამიანები იმსხვერპლა...
შემთხვევები ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროებში, სადაც ერთგან ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი მოიყოლა და მეორეგან ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგური დაიტბორა...
გვინახავს, მეტროს ლიანდაგებში და მტკვარში ჩავარდნილი ადამიანები...
რამდენიმე დღის წინ, ლოტკინზე, სკვერში, 14 წლის გოგონას თავზე დაეცა რკინის მძიმე კონსტრუქცია...
გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მიკროავტობუსს გაუჩნდა ცეცხლი...
2026 წლის თბილისის ბიუჯეტი არის 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი და ეს არის თბილისელების ფული. თბილისელები იმსახურებენ მათი ფული იხარჯებოდეს მათ უსაფრთხოებაზე.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ქალაქში ადამიანების უსაფრთხოება გახდეს უპირველესი პრიორიტეტი.
ჩვენი კოალიცია, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ითხოვს: დაუყოვნებლივ დაიწყოს დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრული ინსპექტირება. უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას ყველა მაღალი რისკის შემცველი ინფრასტრუქტურა - დაზიანებული ელექტროსადენები, ღია თხრილები, ავარიული შენობების ფასადები და სხვა საფრთხეები.
საზოგადოებას წარედგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მკაფიო ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით.
ყველა შემთხვევაზე, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლო ჩავარდნამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს, დადგეს - როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.