ჩხუბი პარლამენტში - გახარიას პარტია გამოძიების დაწყებას ითხოვს, პროკურატურა დუმს
მძიმე დანაშაულიდან 72 საათის შემდეგაც მთავარ საგამოძიებო უწყებას არაფერი უთქვამს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის შესახებ. დღეს პროკურატურას თავად გახარიას გუნდმა მიმართა. ექს-პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ათამდე დეპუტატი წინასწარ ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
გიგა ფარულავას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსითაც კი არ აქვს, გამოძიება ფორმალურადაც კი არ დაწყებულა.
"პირველების" გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების დაწყებას წინ უძღოდა ირაკლი ხელაძესთან რამდენიმე წუთიანი საუბარი, რასაც ჩხუბი მოჰყვა. გაშველების ნაცვლად, "ოცნების" დეპუტატები ერთი კაცის წინააღმდეგ ერთიანდებიან და ფარულავას ურტყამენ. პირველი ლაშა ტალახაძე იყო, შემდეგ მას ზუკა რურუა მიჰყვება. ამით ყველაფერი არ სრულდება - კადრებში ჩანს, რომ ფარულავა და გახარიას გუნდის სხვა წევრები ცდილობენ სხდომათა დარბაზის დატოვებას და მანდატური კორიდორს აკეთებს, თუმცა გასასვლელს ვასილ ჩიგოგიძე კეტავს, ხელს კრავს დეპუტატ თორიას და ახალი დაპირისპირება იწყება. აქ უკვე მთავარ როლში არჩილ გორდულაძე და ლევან მაჭავარიანი არიან.
არცერთი კითხვა მომხდარზე არ აქვთ "ოცნების" წევრებს. ივანიშვილის გუნდმა განაჩენი უკვე გამოიტანა და "ქართულმა ოცნებამ" მომხდარზე წერტილი დასვა. ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატის ჯგუფურად ცემა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის იმ შემთხვევაში, თუ მას ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის დეპუტატები გამართლებას მოუძებნიან. ოთხდღიანი ფიქრის შემდეგ საპარლამენტო თავდასხმა ქართველობით ახსნეს.