ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, კობახიძის ძლიერი ლიდერობის პირობებში ყველა მოქალაქის ყოფა უმჯობესდება
ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ირაკლი კობახიძის ძლიერი ლიდერობის პირობებში ყველა მოქალაქის ყოფა უმჯობესდება. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება.
თქვენი ძლიერი ლიდერობის პირობებში, საქართველო წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, აუმჯობესებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, ამავდროულად განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს. მართლაც შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის განვითარების ამ გამორჩეული გზის ხილვა. დარწმუნებული ვარ, საქართველო მდგრადი განვითარების გზაზე მომავალშიც წარმატებით განაგრძობს წინსვლას.
ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო კულტურული ფასეულობები და მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ყაზახი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართველ ხალხს, ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მდიდარ ისტორიასა და უნიკალურ კულტურას. ქართული დიასპორა ყაზახეთის საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელ ცოცხალ ხიდს წარმოადგენს. ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება," - განაცხადა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
მისვე თქმით, ყაზახეთი და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც ეფექტიანად თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ერთმანეთს თანმიმდევრულად უჭერენ მხარს.