მორიგი დავა "ოცნების" წინააღმდეგ - ე.წ პირბადეების საქმეზე ევროსასამართლო არსებით განხილვას იწყებს
ევროსასამართლომ ე.წ. პირბადეების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - კობახიძის მთავრობას 4-თვიანი ვადა აქვს, რომ დაუსაბუთოს სტრასბურგის სასამართლოს, რამდენად სამართლიანი იყო 7 ქართული ორგანიზაციისთვის ანგარიშების დაყადაღება. მთავარი კითხვაა - რა რეალური მიზანი ამოძრავებდა პროკურატურას, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები გაყინა? კობახიძის გუნდს მოუწევს დაასაბუთოს, რომ აქციაზე ხალხისთვის პირბადის და სათვალის გადაცემა, ისეთი დანაშაულია, რომ ამის გამო სამოქალაქო სექტორის ანგარიშები უნდა დააყადაღო.
რას ედავებიან ხუთ არასამთავრბო ორგანიზაციას? - იმ დროს, როდესაც ხალხს არბევდნენ, რატომ არიგებდა რუსთაველზე, რესპირატორებს და სათვალეებს, რომელიც მოქალაქეებს მხუთავი აირით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლისგან იცავდა. დაყადაღებული ორგანიზაციები, რომლებმაც ევროსასამართლოს მიმართეს, თვლიან, რომ დაირღვა გაერთიანების უფლება, საკუთრების დაცვა და მთლიანობაში, "ოცნების" განზრახვა სულ სხვა რამ იყო - შეეფერხებინა ორგანიზაციების მუშაობა.
10 თვეა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნით დაყადაღებული აქვთ. ამან გამოიწვია არაერთი ორგანიზაციის ფაქტობრივად პარალიზება. ვერ იცავენ ხალხს, ვერ უწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას, გართულდა ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების დაცვა - როდის მოუხსნის ყადაღას ორგანიზაციებს და შევა თუ არა ამ შუამდგომლობით სასამართლოში აგვისტოს ბოლოს, საქმის პროკურორმა ჯერ არ იცის.