ჩხუბი პარლამენტში - ცოტნე ივანიშვილი გახარიას გუნდის წევრებს ვერბალური და ფიზიკური დაპირისპირების დაწყებაში ადანაშაულებს
ჩხუბი პარლამენტში - ცოტნე ივანიშვილი გახარიას გუნდის წევრებს ვერბალური და ფიზიკური დაპირისპირების დაწყებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირება ძალიან ცუდი სანახავი იყო და "გული დასწყდა", თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრ მოწინავე ქვეყანაში ძალიან ხშირია - "ცოტა სასაცილოა ამდენად გამახვილება გამოძიებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რომ სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ძალიან ხშირია".
მოდით იქიდან დავიწყებდი, რომ ცხადია, ჩემი აზრით, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს თავისთავად ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დასწყდებოდათ, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა ძალიან გული დამწყდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო, არასასიამოვნო იყო და ძალიან ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება, კადრებს თუ გადავხედავთ ნათლად ჩანს. პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან. ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხვდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის გამო როგორ უნდა დავიწყოთ... ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან. საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული. კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა.
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია საქართველოსთვის. სხვათა შორის თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ხშირია ასეთი ტიპის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე არის ძალიან უშნო. ძალიან ხშირია ეს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოხდეს.
ცოტა სასაცილოა ამდენად გამახვილება გამოძიებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რომ სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ძალიან ხშირი არის. [...]" - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
ამასთან, ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ყველაფერი სამწუხარო დასანახი იყო და აუცილებლად დაინტერესდება "თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია".
მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე შეურაცხყოფები მოისმინეს "ქართული ოცნების" გუნდის წარმომადგენლებმა და მათაც გააჩნიათ თავისი ღირსება.
როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისევე მისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის] ეს ყველაფერი იყო სამწუხარო დასანახი და რა თქმა უნდა, პირადად თვითონაც აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია. ვერბალური და ფიზიკური დაპირისპირებაც დაიწყეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა. ძალიან მძიმე შეურაცხყოფები მოისმინეს "ქართული ოცნების" გუნდის წარმომადგენლებმა, მათაც გააჩნიათ თავისი ღირსება," - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- 1. არჩილ გორდულაძე
- 2. ლაშა ტალახაძე
- 3. ლევან მაჭავარიანი
- 4. ირაკლი ხელაძე
- 5. ირაკლი კირცხალია
- 6. გენო პეტრიაშვილი
- 7. ვასილ ჩიგოგიძე
- 8. ზუკა რურუა
- 9. სავალან მირზოევი