როგორ ემშვიდობება ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერს?

30.06.26 12:54
როგორ ემშვიდობება ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერს?

Liebe Peter, auf wiedersehen! - მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს! - ასე ემშვიდობება "ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და საქართველოს დაემშვიდობა. 

ზარქუა ამბობს, რომ გერმანიის ახალმა ელჩმა უნდა გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ხალხის და ინტერესები - "მეტს არაფერს ვთხოვდით".

ფიშერმა ამოწურა თავისი მისია საქართველოში. სერიოზულად უნდა ითქვას, რომ მან ვერ გაართვა თავი დიპლომატიურ სამსახურს. მას შეეძლო, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუმცა ის აღმოჩნდა იმ წითელ ხაზებს მიღმა, სადაც არ გადადიან დიპლომატები. იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც, იცით, რომ ის არაერთხელ ჰყავდა დაბარებული თავის მთავრობას, არაერთი შენიშვნა მისცეს. არც გაუგრძელეს, ისე დაამთავრებინეს კარიერა. ნუ, ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ?! არაფერი! Liebe Peter, aufwiedersehen! მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს!

რაც შეეხება ახალ ელჩს, ვინც იქნება გერმანიიდან გამოგზავნილი - ჩვენ ერთ რამეს ვისურვებდით, ვინც ჩამოვა საქართველოში, გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ხალხის ინტერესები. მეტს არაფერს ვთხოვდით ბატონ ფიშერს, რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოძრავა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და თავიანთ აგენტურულ ქსელს დახმარებოდა. ბუნებრივია, ამას არ გავუტარებდით და ამიტომაც ვამხილეთ არაერთხელ წითელი ხაზის გადაკვეთაში, ოპოზიციის მხარდაჭერაში, დაფინანსებაში. სასამართლოში იჯდა, ხალხო. აბა, სასამართლო პროცესის განხილვაზე გერმანიაში იჯდეს რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი, რა კომენტარი ექნებოდა მათ ხელისუფლებას და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობას?! აქ დაბალი ღობე ნახა. ასე დაამთავრებს ყველა - პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს,” - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ელჩმა X-ზე ქართულ ენაზე დაწერა და საქართველოს მოქალაქეებს დაემშვიდობა.