რატომ მიდიან ენმ-დან თავმჯდომარეები სკანდალით - კითხვას სააკაშვილი პასუხობს
„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი TV პირველის გადაცემა "რეაქციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბოლო წლებში პარტიაში თავმჯდომარეების ცვლილების მიზეზებზე საუბრობს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ნაცმოძრაობაში ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ასე მოხდა ყველა ლიდერის შემთხვევაში.
რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას, სააკაშვილის თქმით, ის ნამდვილად იყო მისი იდეა, რადგან “ის ნამდვილი სახალხო ლიდერია“.
წერილობით ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღწერს, რატომ იყო თავდაპირველად მისთვის მოულოდნელი თანაგუნდელების გამოსვლა მელიას წინააღმდეგ. ინგა გროგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუში პატიმარი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლს, მან ნეირალური პოზიცია დაიკავა, მოგვიანებით კი „აღიარა“, რომ ეს იყო „პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება“.
რაც შეეხება ხაბეიშვილის პოსტიდან წასვლას, ინტერვიუდან ირკვევა, რომ ის "შეცვალეს" „სვეცკი ბაბლის“ განწყობის გამო:
ნაცმოძრაობა არ არის ბიზნეს პროექტი, როგორც სხვა პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა. მას არ ყავს ინვესტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სხვები ამას ემორჩილებიან. ეს ყოველთვის იყო ცოცხალი პარტია შიდა დისკუსიებით და შეჯიბრით რაც ცოცხალ პარტიაში ნორმალურია.
მელიას წინააღმდეგ 2023-ში პარტიის ნაწილის გამოსვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო და არც შეთანხმებულა ჩემთან არანაირად. არჩევნების დანიშვნას მაშინ მე შევხვდი უარყოფითად. თუმცა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი კლინიკაში მოწამვლის შემდეგ და რეაგირების თავი უბრალოდ არ მქონდა. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია დავიკავე. უკანა რიცხვით თუ შევხედავ, ვაღიარებ, რომ ეს იყო პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, შესაძლებელი იყო პარტიის სხვა წევრების მიმართ ბევრად უფრო დელიკატურად მოქცევა. მაგალითად, ძალიან მენანება გიორგი პატარაიას, რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციის ბირთვის ცალკე გასვლა.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი“ ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან რას. ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს.
ახლა კი, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნაცმოძრაობაში ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ივლისის დასაწყისში თინას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ სიტუაციაში ჩემი იდეა იყო,- ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილმა “პირველებთან“ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა შეარჩია.
ენმ-ი არის რევოლუციური პარტია და ვერანაირად ვერ იქნება პარკეტის ოპოზიცია. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ეს რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა. მე კი ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას.
ჩემზე უკეთსად არცერთ ცოცხალ ქართველს არ გამოსდის ევროპელბთან და ამერიკელებთან საუბარი, მაგრამ 2003-ში სულ ველში ვიყავი და როგორც წესი, უარს ვამბობდი მრავალრიცხოვან უცხოელ მისიებთან შეხვედრაზე. ჩვენი პარტია მუდმივად უნდა იყოს იქ, სადაც უსამაართლობაა, სადაც ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა თუნდაც თქვენს სტუდიაში.
ნანუკა არის ნამდვილი სახალხო ლიდერი. ამ დღეებში ბევრმა დაწერა - კი, მაგრამ პოლიტიკოსი არ არისო და პური მეპურემ (პოლიტიკოსმა) უნდა გამოაცხოსო. კი მაგრამ, მოგწონთ არსებული „მეპურე“ პოლიტიკოსების გამომცხვარი პურის გემო? და კიდევ ვიკითხო - უყვარს ხალხი ნანუკას? ხალხს უყვარს ნანუკა? - ყველამ ვიცით, რომ კი! ეხმარება ის ხალხს? - ამის ბევრი ფაქტი ვიცით! არის ენერგიული და შეუპოვარი? - კი ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ხოდა, აბა თვენ ნამდვილი პოლიტიკოსი სხვა რა გგონიათ?,- განაცხადა სააკაშვილმა.
როგორ იცვლებოდნენ თავმჯდომარეები „ნაციონალურ მოძრაობაში“:
- გრიგოლ ვაშაძემ ენმ-ის თავმჯდომარის პოსტი 2020 წლის 15 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დატოვა. ის ამ პოსტზე 2017 წლიდან მუშაობდა.
- ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე 2020 წლის 27 დეკემბერს ნიკა მელიამ შეცვალა. არჩევნებში მელიამ ხმების 64% მიიღო.
- მელიას თავმჯდომარეობიდან ორი წლის თავზე, 2022 წლის 9 ნოემბერს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთმა ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
- 2023 წლის 30 იანვარს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
- ხაბეიშვილი თანამდებობიდან 2024 წლის 8 ივნისს გადადგა, მაშინ მიზეზად ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
- თინა ბოკუჩავა პარტიის თავმჯდომარედ 2024 წლის 8 ივნისს აირჩიეს.