ციხე ან ფინანსური სასჯელი - ბიზნესის შემზღუდველი კანონის გადახედვაზე საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს
„ბიზნესი უნდა იყოს ჩუმად“ - ამ წესის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა. სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომელიც მეწარმეებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შეზღუდვას ასაჩივრებს.
სარჩელის ავტორი იურისტი კახა კუკავაა. მისი შეფასებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ბიზნესმენებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საჯაროდ პოზიციის გამოხატვას უზღუდავს და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
კუკავას თქმით, სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობაზე არსებითი მსჯელობა მოუწევდა, რაც, მისი შეფასებით, სასამართლომ თავიდან აიცილა.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, ბიზნესს საჯაროდ მხოლოდ იმ საკითხებზე შეუძლია საუბარი, რომლებიც უშუალოდ მის საქმიანობას უკავშირდება.
კახა კუკავა ერთადერთი არ არის, ვინც ამ ნორმას ასაჩივრებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება კომპანია „რეფორმერ ფიტნესიც“, რომელიც თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის წევრია. კომპანიაში აცხადებენ, რომ კანონს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს - ბიზნესმენები პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვის შემთხვევაში შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან მძიმე ფინანსური სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.