მდინარაძე: ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი

01.07.26 14:36
მდინარაძე:  ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი.

მდინარაძეს დღეს არ დაუსახელებია, დაკავებულთა ვინაობა ან ის ქვეყნები, ვის სასრგებლოდაც ისინი ჯაშუშობდნენ.

მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი - მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ გაბედული გადაწყვეტილებების, ასეთი მოკლე დროის მონაკვეთში მიღება, ბოლო რამდენიმე ათწლეულია მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე, დაკავებულია სამი პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. წარმატებული მუშაობა გრძელდება სუს-ის მხრიდან ანტიკორუფციული მიმართულებითაც. საქართველოს ისტორიაში პირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორციელების და უსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების უფლება.

უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკურად, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციის რაოდენობა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონე ტექნიკური საშუალებების ხარისხი.

შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.