ჭკვიანი კამერების რუსული კვალი - რა საფრთხეებს ხედავენ სახის ამომცნობი კამერების დაყენების უკან?
ჭკვიანი კამერების რუსული კვალი - მამუკა მდინარაძე უარყოფს, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქის პერსონალური მონაცემები შესაძლოა ეფესბე-ს ბაზაში აღმოჩნდეს.
Algorithmwatch-ის სტატიაში, რომელიც 27 ივნისს გამოქვეყნდა წერია, რომ სახის ამომცნობი კამერებისთვის, პროგრამულ უზრუნველყოფას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთში დაფუძნებული და სანქცირებული კომპანიისგან ყიდულობს.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობა წლებია გრძელდება, ნაპოვნია დოკუმენტებიც და კავშირებიც. მდინარაძე ამბობს, რომ არ იცის და არ წაუკითხავს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს არ სჯერა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას რუსეთში დაფუძნებული სანქცირებული კომპანია Papillon AO-სგან არის ნაყიდი.
Algorithmwatch მოიპოვა ჯერ კიდევ 2018 წლის დოკუმენტები რაც ადასტურებს, რომ სამინისტროს ოპერატორებს უშუალოდ რუსი პერსონალი ამზადებდა და ამ სისტემის გამოყენებას ასწავლიდნენ. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია საია, სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები შესაძლოა მტრული სახელმწიფოს ხელში იყოს.
Algorithmwatch-ის გამოძიების მიხედვით სახის ამოცნობის სისტემის უახლესი ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიიღო ამ დროს შინაგან საქმეთა მინსისტრი გელა გელაძე იყო.