საქართველო ხელს უშლის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველო ხელს უშლის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.
„საქართველო შეუძლებელს ხდის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზნისკენ პროგრესს - სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას. აფხაზური მხარე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოგვარების გარდა სხვას ალტერნატივას არ უშვებს. ეს მიდგომა სრულიად გამართლებულია და ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და არსებულ რეალობას ეფუძნება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო ჩამოყალიბდა და ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ ეს გაითვალისწინონ... საქართველოს პოზიცია ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური და ისტორიულ-სამართლებრივი რეალობიდან გადახვევით და ქართული მხარე აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ის ამით შეუძლებელს ხდის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ შემდგომ პროგრესს“, - განაცხადა ბარციცმა.