"მოსამართლეს შეუძლია სხდომები გამართოს საკუთარ სამზარეულოში" - სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარი 4 მოწმე პოლიციელი დაიკითხება.
როგორც "პირველებისთვის" ხდება ცნობილი სხდომას დღეს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება, ამასთან, პროცესზე სავარაუდოდ მივა ნიკა გვარამიაც.
უფლებადამცველების თქმით, სასამართლო "დავალების ჩქარა შესრულებას" ცდილობს, რის გამოც შესაძლოა, რომ კვირაში მესამე პროცესიც ჩაინიშნოს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს შეუძლია "სხდომები გამართოს საკუთარ სამზარეულოში, ერთი და იგივე შედეგი ექნება".
ქალბატონ თამარს ჩვენ ადრე ვესაუბრეთ სირცხვილზე და სირცხვილის თეორიაზე სამართალში და აუცილებლად უნდა ვესაუბროთ სიბრალულზე მის მიმართ რაც არსებობს. ახალგაზრდა ქალბატონი თავს ასე, როგორც პროფესიონალი, იფუჭებდეს იშვიათი შემთხვევაა. პრეზიდენტ სააკაშვილის მიდგომა არის ძალიან მარტივი, ცდილობენ გააჩუმონ "ზვიგენთან სელფის გადაღების" გამო. ეს ცირკი, რაც გამართეს, რომ კვირაში მესამე დღის დამატება უნდათ, არაფერი არ არის, გარდა დავალების ჩქარა შესრულება და მე მგონი, აზრი არ აქვს ხელშეშლას და აზრი არ აქვს საქმის გადადებას, შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში 7 დღე აწარმოონ იმიტომ, რომ საქმე მაინც ისე იქნება, როგორც ერთი ადამიანი გადაწყვეტს, ამიტომ მონების გადაწყვეტილება რაც მალე აღსრულდება მონების მიერ, უკეთესი იქნება, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ყველაფერი.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ადვოკატს, ესეც ვითომ მანიპულაცია არის, რომ საქმე დააჩქარონ. ჩვენ არ ვართ განწყობილები გაჭიანურებაზე იმიტომ, რომ გვინდა, რომ შედეგი მალე დადგეს, ხალხმა კარგად დაინახოს კიდევ ერთი სიმართლე რაც ამ შენობაში იმართება.
შეუძლია მოსამართლემ, ქალბატონმა თამარმა სხდომები გამართოს საკუთარ სამზარეულოში, ერთი და იგივე შედეგი ექნება, პროცესი ერთი და იგივეა, ჩვენ უბრალოდ მოწვეულები ვართ და ჩავთვალოთ, რომ მის სამზარეულოში მივდივართ," - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთევან ჩომახაშვილი ამბობს, რომ სასამართლო ძალიან ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას და პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვებას.
დღესაც გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა მოიყვანს 4 ბრალდების მოწმეს, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდათ, თუ დანაშაულს შეესწრნენ, როგორც თვითონ ამბობენ, მაშინვე შეეტყობინებინათ თავიანთი ხელმძღვანელისთვის, ნოემბრიდან 6 თვეში, მაისის დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ პროკურატურაში მიეცათ ამის თაობაზე ჩვენება, სწორედ ამის გამო არ არის სანდო ეს ჩვენებები. გარდა ამისა, მათ ჩვენებებს შორისაც კი არსებითი წინააღმდეგობაა და ერთადერთი რაც ამ მოწმეებს ახსოვთ არის ის, რომ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები ხალხს მოუწოდებდნენ რაღაცას, რას მოუწოდებდნენ მათ არ ახსოვთ, ამის გარდა რას აკეთებდნენ არ ახსოვთ, სხვა არაფერი არ ახსოვთ, მხოლოდ ეს ახსოვთ, რომ პოლიტიკოსები ვიღაცებს რაღაცებს მოუწოდებდნენ.
სასამართლო ძალიან ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას და პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვებას და ნელ-ნელა მივყვებით ამ მოვლენებს, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავანახოთ სასამართლოს და საზოგადოებას, მინიმუმ მომავლისთვის, რომ ამ მოწმეების ჩვენების გაზიარება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ლოგიკას მოკლებულია," - ამბობს ქეთევან ჩომახაშვილი.
ადვოკატი ომარ ფურცელაძის თქმით, დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ იხილება ეს საქმე სასამართლოში და არა ის, სადაც უნდა იხილებოდეს პოლიტიკური პროცესები.
აბსოლუტურად ყველაფერი, რაზეც საუბარია, საუბარია პოლიტიკურ განცხადებებზე ძირითადად, საჯაროდ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე, არცერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლისსამართლებრივად რელევანტური საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოწმეები აძლევენ ჩვენებას, ან ბრალდების მხარე აპელირებს, შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია კიდევ ერთხელ რატომ იხილება ეს საქმე და მოვლენათა განვითარების ეს თანმიმდევრობა სასამართლოში და არა მაგალითად იქ, სადაც უნდა იხილებოდეს პოლიტიკური პროცესები," - თქვა ომარ ფურცელაძემ.
უფლებადამცველი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეზე მოწმეები თითქმის სულ პოლიციელები არიან და მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
დღეს ალბათ გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა, ძირითადად ამ საქმეზე მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან, მათი ჩვენებები ერთი რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა, ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ადგილას მდგომი ადამიანების რაკურსიდან გამომდინარე ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს. ვერ ცნობენ საკუთარ თავს ვიდეოში, ვერ ცნობენ სხვას ვიდეოზე. ძირითადად ამ საქმეზე არიან მხოლოდ პოლიციელები, რომლებიც აღწერენ მიტინგების პერიპეტიებს მეტი მოწმე ამ საქმეს არ ჰყავს," - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.