მწვავე გზავნილები "ქართულ ოცნებას" - ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 62-ე სესია გაიმართა
"საქართველომ უნდა დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო გარემო აღადგინოს" - ამის შესახებ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 62-ე სესის ფარგლებში საქართველოს საკითხის განხილვისას Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა სამოქალაქო ორგანიზაციებზეც ისაუბრა.
საქართველომ უნდა დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო გარემო აღადგინოს. ორგანიზაცია მიესალმება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ანგარიშის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველში ადამიანის უფლებების კრიზისის გაღრმავებას ეხება, მათ შორის მოწოდებებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და მშვიდობიანი შეკრებისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ შემზღუდავი ზომები მიიღო, რაც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აიძულებს, რომ საქმიანობა შეაჩერონ. საქართველოს ხელისუფლება 12 სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანაგრიში გაყინა. პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა პასუხისმგებლობის დაკისრება კვლავ არ მომხდარა," - განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა.
სიტყვით გამოვიდა პარტია "დროას" წევრი, მარიკა მიქიაშვილიც. მისი თქმით, საქართველოს ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება 2026 წელს კატასტროფულია.
საქართველოს ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება 2026 წელს კატასტროფას წარმოადგენს, განსაკუთრებით ბოლო 18 თვის განმავლობაში უკუსვლის სისწრაფისა და იმის გათვალისწინებით, რომ ერთ სულ მოსახლეზე ახლა მეტი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში, ვიდრე რუსეთში, ეს რეაგირების გარეშე დატოვებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახელმწიფო ძალადობის და ფართო, ხშირად გაუმართლებელი, დრაკონული კანონებით განსხვავებული ხმების ჩახშობის მცდელობების, ასევე ოპონენტების ფინანსურად მოგუდვის პირდაპირი შედეგია. ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სანდო ბრალდებები გამოჩნდა და ეუთოს 2026 წლის მარტის მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საუბრობს თითქმის ტოტალურ დაუსჯელობაზე დანაშაულებისთვის, რომლებიც ხშირად კვეთენ წამების ზღვარს. ფართოდ გავრცელებული, უკანონო და არაჰუმანური პრაქტიკები, როგორებიცაა დაკავებულების გაშიშვლება, ან ხალხის დაპატიმრება ტროტუარზე პროტესტისთვის, წელს იყო საქართველში. ახალი კანონპროექტი მალე გააკონტროლებს სოციალურ მედიას და ონლაინ განსხვავებული ხმების დევნას დაიწყებს," - თქვა პარტია "დროას" წევრმა, მარიკა მიქიაშვილმა.