იქნებ, ხელის ჩამორთმევა გამოსტყუონ ვაშინგტონს - რა გზავნილი წაიკითხეს კობახიძის შეთავაზების უკან ექსპერტებმა

02.07.26 18:00
იქნებ, ხელის ჩამორთმევა გამოსტყუონ ვაშინგტონს - რა გზავნილი წაიკითხეს კობახიძის შეთავაზების უკან ექსპერტებმა

ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ინტერესია, "როგორღაც ვინმე დაარწმუნონ და ერთი ხელის ჩამორთმევა გამოსტყუონ" ვაშინგტონს - ეს გზავნილი დაინახა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის საელჩოში გაკეთებული შეთავაზების უკან. 

საუბარია "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის გზავნილზე, სადაც კობახიძემ აშშ-სთან „ურთიერთობის გადატვირთვის“ აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის თქმით, ივანიშვილის გუნდს შტატებთან ურთიერთობის გაღღმავების სურვილი რეალურად არ აქვს, რადგან თავადაც კარგად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში თეირანთან ურთიერთობები გამორიცხული იქნება.

მისი ამოცანა არის ის ზუსტად რასაც ამბობს, რომ ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები, რომ თითქოს არაფერი მანამდე არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე მზად იქნება, რომ საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობები იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის მაგალითად ყირგიზეთთან, ოღონდ იყოს. ვაშინგტონთან ურთიერთობაში მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ნდობაა დაკარგული და არ არსებობს არცერთი წინაპირობა, რომლის გამოც ირაკლი კობახიძეს ხვალ შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ 1, 2, 3, 4 რაღაც გავაკეთეთ ნდობის აღსადგენად, ესეთი რამე არ მომხდარა, ეს არის პირველი და მეორე - რას სთავაზობენ აშშ-ს? აი რატომ უნდა დაინტერესდეს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოთი. საკითხი ასე დგას - საერთოდ საქართველო რომ არსებობს, ეს ახსოვს თუ არა დღევანდელ ახალ ადმინისტრაციას. ესენი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ იქნებ რაღაც მოხდეს, როგორღაც ვინმე დაარწმუნონ და ერთი ხელის ჩამორთმევა გამოსტყუონ ვაშინგტონს, ამის იქით მათ არაფერი ინტერესი არ აქვთ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ამის იქით თავისთავად დგება დემოკრატიის პირობა. აქ ირანი ვერ იქნება, თბილისში თეირანს ვერ გააკეთებენ ისინი, თუ სტრატეგიულ პარტნიორობას ინარჩუნებენ ვაშინგტონთან და ბრიუსელთან," - ამბობს თინა ხიდაშელი. 

პარტია "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ქობალიას თქმით, ის რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობს, რომც მოხდეს, მხოლოდ მათთვის იქნება სასარგებლო და ისიც მოკლევადიან პერსპექტივაში. 

რაზეც საუბრობს "ქართული ოცნება" რომც მოხდეს, ეს იქნება სასარგებლო მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" და მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში და არა საქართველოსთვის იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არ მოქმედებს ჩვენი საერთო ინტერესების შესაბამისად და ის მოკლევადიანი გარიგებაც კი რა თქმა უნდა ეჭვქვეშ დგას იმის ფონზე თუ რას სჩადის "ქართული ოცნება" სხვა მიმართულებით. ამერიკის საგარეო პოლიტიკას რომ შევხედოთ ორი მთავარი მოწინააღმდეგე დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ჰყავს მას, ეს არის ჩინეთი, რომელსაც განიხილავს გლობალურ კონკურენტად და ირანი, რომელსაც საერთოდ უყურებს როგორც მტერს. "ქართული ოცნება" კი ცდილობს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ამ ორ მოთამაშეს. ესეც გვეუბნება ყველაფერს იმასთან დაკავშირებით რაც უნდა ვიცოდეთ, რამდენად პერსპექტიული არის ეს მოკლევადიანი მცდელობაც კი "ქართული ოცნების" შესრულებით," - ამბობს ირაკლი ქობალია. 

მსგავსი სიახლეები