გაზრდილი ინფლაცია დამოკლეს მახვილია პროპაგანდის მიმართ - ეკონომისტები
მზარდ ინფლაციას ეკონომისტები მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯებისთვის სერიოზულ გამოწვევად აფასებენ. ექსპერტების შეფასებით, პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება განსაკუთრებით მძიმედ აისახება როგორც უმუშევარ მოსახლეობაზე, ისე დასაქმებულებზე, რადგან ხელფასების ზრდას ინფლაცია მნიშვნელოვნად ანეიტრალებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ სურსათზე გაზრდილი ხარჯები ოჯახების ბიუჯეტზე მზარდ ზეწოლას ქმნის.
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო სამი წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა და ხელისუფლების მიერ დაანონსებული ფასების შემცირების პოლიტიკას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
მოსახლეობა, ვინც არ მუშაობს, უწევს უფრო და უფრო მეტი თანხის გადახდა ძირითად პროდუქციაში და მოსახლეობა, ვინც მუშაობს, ის ვერ გრძნობს თუ აქვს საერთოდ ხელფასის ზრდა, რადგანაც ამ "ზრდას" სჭამს ეს ინფლაციის მაჩვენებელი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი არის, ფაქტობრივად, დამოკლეს მახვილი ამ მთლიანი პროპაგანდის მიმართ. შეიძლება საიტები შეიქმნას, რაშიც ჩვენი ფული იხარჯება, შეიძლება დაიყოლიო სუპერმარკეტები, რომ რაღაც კუთხეები მოაწყო, სადაც ისედაც ფასდაკლებულ პროდუქციას დაალაგებენ, მაგრამ ბოლო 3 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა ინფლაციის მაჩვენებელი და ამ რეალობას, სამწუხაროდ, ვერ გაექცევა ვერავინ, გახსნის მაცივარს, რომლის ფასებიც ისტორიულად იკლებს, სხვათაშორის, ესეც საინტერესოა და ნახავს, რომ უფრო ნაკლები პროდუქტი აქვს და უფრო ძვირი უჯდება მაცივრის შევსება საშუალო სტატისტიკურ ქართველს, ვიდრე ეს ხდებოდა ერთი წლის წინ თუნდაც, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
გიორგი კეპულაძე კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ყოველდღიური მოხმარების სურსათის გაძვირება მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის, რადგან საკვები ოჯახების დანახარჯების თითქმის ნახევარს შეადგენს.
პირველადი მოხმარების პროდუქცია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად და აუცილებლად ვიყენებთ, კიდევ უფრო მეტად არის გაძვირებული, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის რაღაც დონეზე ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად არის გაძვირებული მისთვის ცხოვრება. მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება ის, რომ ჩვენი შემოსავლები ვერ ეწევა ამ ჩვენს გაზრდილ ხარჯებს და ის, რომ სურსათი არის ჩვენი ხარჯის და მოხმარების ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის 40-50%. პოლიტტექნოლოგებმა უნდა შეაფასონ, რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას" ამ ერთგვარ წამგებიან თამაშში შესვლა. ახლა, სურსათის ფასი რა არის, ყველა მოქალაქემ ამ ქვეყანაში მეტნაკლებად იცის, შესაბამისად, სავარაუდოდ, მათ სჭირდებოდათ, რომ რაღაცა მოქმედება ეჩვენებინათ იქიდან გამომდინარე, რომ მათ მომხრეებსაც ძალიან აწუხებთ ეს მაღალი ფასები, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის მონაცემებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.