პროექტის მოდელი შეცვალა - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

06.07.26 11:12
პროექტის მოდელი შეცვალა - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

 

 

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირკვევა, რომ პროექტის მოდელი შეიცვალა და მასში კერძო ინვესტორი, ჩინური კორპორაცია cccc არ იქნება წამყვანი. 

  • აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო  cccc-ს 49%- ექნებოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. 

"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. Land lord-ის მოდელით"- თქვა მინისტრმა. 

ამ მოდელის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. დღს გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, რომ პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პორტში სხვადასხვა კომპანიები განახორციელებენ საქმიანობას, კონკრეტულ ნავმისადგომებს სახელმწიფო გრძელვადიანი იჯარით მისცემს კომპანიას.

  • შეგახსენებთ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა.  დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.

ქვრივიშვილი ამბობს, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პირველი გემის მიღება 2029 წელს იგეგმება.

ამასთან, როგორც დღეს გამართული ბრიფინგზე  მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, "საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში "შუა დერეფნის" მონაწილე ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს".

"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. Land lord-ის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. Land lord-ის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არაერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.

საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს,“- განაცხადა ქვრივიშვილმა.

გაირკვა, რომ  ანაკლიის პორტის ახალი "ლენდლორდის" მოდელით ასაშენებლად, სახელმწიფო პროექტისთვის საჭირო დამატებითი 200 მილიონი დოლარის მობილიზებას ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან გეგმავს.

დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე – ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობის, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.

ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინვესტიცია სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება. მისი თქმით, პირველი მიმართულება უკვე მიმდინარე საზღვაო სამშენებლო სამუშაოებია.

მინისტრის თქმით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება, ეს არის დაახლოებით 1 მლრდ 100 მლნ ამერიკული დოლარი, იცვლება პროპორცია.

თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო, თუმცა იმავე წელს,  მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან - Anaklia Development Consortium – ADC" 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა. [კონსორციუმი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული საინვესტიციო კომპანია „Conti International“-ის მიერ იყო დაფუძნებული].

მაშინ ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე ლაპარაკობდა.

2019 წლის აგვისტოში კონსორციუმი დატოვა მთავარმა ამერიკულმა პარტნიორმა — Conti International-მა.

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებდა.

2024 წლის 1 აგვისტოს ითქვა, რომ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.