გახარიას გუნდი მდინარაძეს პასუხობს
„გახარია საქართველო" სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს.
საუბარია, "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ გამოძიება დაწყებულიყოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო.
ოპოზიციონერებმა ვიცე-პრემიერის კომენტარის საპასუხოდ საერთაშორისო პრაქტიკა მოიყვანეს, როცა პარლამენტში ჩხუბის შემდეგ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
ოპოზიციის თქმით, უფლება-მოსილების შეწყვეტის და დაკავების შემთხვევები დაფიქსირებულია მათ შორის ბრიტანეთში, საბერძნეთსა და სამხრეთ კორეაში. "გახარია-საქართველოს" ინფორმაციით:
- 2012 წელს დიდ ბრიტანეთში დეპუტატი იმის გამო დააკავეს, რომ პარლამენტში იჩხუბა
- 2018 წელს კი სამხრეთ კორეაში 30 დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო.
- 2022 წელს სენეგალში, ბიუჯეტის განხილვის დროს, ორმა დეპუტატმა კოლეგა სცემა, ორივე მათგანს 6 თვიანი პატიმრობა მიეაჯა.
- 2024 წელს საბერძნეთში მომხდარი ჩხუბის გამო, დეპუტატს 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. გახარიას პარტიამ პროკურატურასაც მიმართა ძალადობაში მხილებული "ქართული ოცნების" წევრების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით , თუმცა უწყებას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
რა თქმა უნდა ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოში კანონზე მაღლა დგანან მდინარაძის ე.წ. მეგობრები. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ სანამ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, არ იქნება კანონის უზენაესობა ქვეყანაში, არ იქნება დემოკრატია.
კიდევ ერთხელ ვახსენებთ მათ, ამ დანაშაულის ორგანიზატორებს, მათ წამხალისებლებს და რა თქმა უნდა თანამონაწილეებსაც - ამ დანაშაულს დიდი ხანდაზმულობის ვადა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამდენ ხანს ლოდინი არ დაგვჭირდება, ძალიან მალე მათ ყველას, ორგანიზატორებსაც, წამქეზებლებსაც და თანამონაწილეებსაც მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება"- თქვა დეპუტატმა გიორგი შარაძიძემ.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.