უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
პარლამენტში მომხდარზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადება „სრულიად უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმია“ - ამის შესახებ განცხადება „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ "პირველებთან" გააკეთა.
“ ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საერთოდ კანონი არ კანონობს და კანონზე გაცილებით მაღლა დგას, თურმე ვინ არის მდინარაძის მეგობარი და ახლა თურმე გაირკვა, რომ კირცხალიაც მზად არის თვითონ უშუამდგომლოს პროკურატურასთან? ე.ი. კირცხალია და მდინარაძე კანონზე უფრო მაღლა დგანან, ეს რეალობაა? - „ოცნების“, ამ ადამიანების პირობებში, რომლებიც გასცდნენ ყველანაირ [ზღვარს]. როგორ გითხრათ, ამას უკვე არასერიოზულობაც აღარ ჰქვია, ბავშვურობაც აღარ ჰქვია. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო, აგდებული [საუბარი], ცინიზმი და თან უნიჭო. რაღაც კუთხით საინტერესო და ვიღაცისთვის მაინც მოსაწონი იყოს. სრულიად უნიჭო ხუმრობით საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სამართლიან მოწყობაზე“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დღეს თქვა: „სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თავის მხრივ კირცხალიას კომენტარი მოჰყვა "გახარია საქართველოსთვის" წევრების განცხადებას რომლის მიხედვითაც, არსებობს ოთხი ქვეყანაა, სადაც იგივე დანაშაულის გამო, პარლამენტის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი შარაშიძის თქმით, ეს არის დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა და სენეგალი.