მანქანების ხმაურის დონეს შსს პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით შეამოწმებს - ბრძანება

06.07.26 16:19
მანქანების ხმაურის დონეს შსს პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით შეამოწმებს - ბრძანება

პირველი სექტემბრიდან შს სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით შეამოწმებენ - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უკვე გამოიცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები.

„სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.

დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას“, – ნათქვამია შსს-ს რელიზში.

მსგავსი სიახლეები