ახალაიას ადვოკატი: ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც ბრალდებულის თავისუფალი სიტყვა დაკანონდა, როგორც დანაშაული

06.07.26 17:09
ახალაიას ადვოკატი: ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც ბრალდებულის თავისუფალი სიტყვა დაკანონდა, როგორც დანაშაული

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი გია გოროზია ახალაიასთვის გამამტყუნებელ განაჩენს პრეცედენტული გადაწყვეტილება უწოდა. 

გოროზია განმარტავს, რომ ბრალდებულის თავისუფალი სიტყვის ნება, რომელიც მის მიერ სასამართლო პროცესზე იქნა გამოხატული, როგორც დანაშაული, დაკანონდა. 

" თუ დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დარბაზში ისხდნენ პროკურორები და მოსამართლე, რომელთაც საკმაო კვალიფიკაცია აქვთ, არც ერთ მათგანს მისთვის არ მოუწოდებია, შეჩერებულიყო, ან აღარ გაკეთებინა ის განცხადება"- ამბობს იურისტი. 

ბაჩო ახალაიამ არაერთხელ აღნიშნა სასამართლო პროცესზე, რომ ეს იყო მისი პოზიცია და არა მოწოდება, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ხაზი გაუსვა, რომ მან საკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება იყო საჯარო მოწოდება და ამისათვის, მას სრულიად უკანონოდ, 2.5 წელი მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო, უსამართლო, მას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ. თუმცა, სააპელაციო სასამართლოშიც არ გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობს.

ბაჩო ახალაიამ იმ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს აუხსნა, რომ როგორც ერთი რიგითი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც სრულიად აბსურდულად აქვს ბრალდება წარდგენილი, მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლება, მათ შორის, ახსენა ბიძინა ივანიშვილი, დასამხობია. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის განცხადება, რომელზეც ხაზს უსვამს, რომ ეს მისი პირადი აზრია, არ შეიძლება დანაშაულად დაკანონდეს. ეს არის ერთადერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც ბრალდებულის თავისუფალი სიტყვის ნება, რომელიც მის მიერ სასამართლო პროცესზე იქნა გამოხატული, როგორც დანაშაული, დაკანონდა. ბაჩოს განცხადება დანაშაულის ნიშნებსაც არ შეიცვას. თუ დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დარბაზში ისხდნენ პროკურორები და მოსამართლე, რომელთაც საკმაო კვალიფიკაცია აქვთ, არც ერთ მათგანს მისთვის არ მოუწოდებია, შეჩერებულიყო, ან აღარ გაკეთებინა ის განცხადება. ბაჩომ განცხადება 2026 წლის 16 თებერვალს გააკეთა, 7 მარტამდე საერთოდ არავინ დაინტერესებულა, იყო თუ არა ბაჩო ახალაიას განცხადება რამე დანაშაულის ნიშნის შემცველი”, - განაცხადა გოროზიამ.

განაჩენით კმაყოფილია ბრალდების მხარე - პროკურორ ანა ლეკიაშვილს თქმით, პროკურორის განცხადებით, ბაჩო ახალიას მიერ სასამართლოზე ნათქვამი ფრაზა - „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“, შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რომელზეც შესაბამისმა ორგანომ [სუს-მა] მოკვლევა დაიწყო.

რეაგირება შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ მოახდინა. უშუალოდ სუს-მა, სუს-ის დეპარტამენტის ქვემდებარეობაშია ეს მუხლი - სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება. შესაბამისად, როდესაც ეს განცხადება მათთვის საჯარო წყაროებიდან გახდა ცნობილი, მაშინ მოხდა რეაგირება.

ყოველი პირის განცხადება თუ იქნება ეს მისი აზრის გაჟღერება, თუ ეს შეიცავს მის განზრახვას, არის საჯარო, შეიცავს ხელისუფლების დამხობის პირაპირ მოწოდებას, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და თუ ეს მიემართება საყოველთაოდ ყველა პირს, ამ მუხლის შემადგენლობაში ჯდება.

ბრალდებულმა [ბაჩო ახალიამ] თავად მოითხოვა სიტყვის თქმის უფლება. მას სურდა მოესწრო განცხადების გაკეთება სასამართლო პროცესის დახურვამდე“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მსგავსი სიახლეები