ანაკლიის პორტს ინვესტორი არ ჰყავს - "ქართული ოცნება" ახალ მოდელს აანონსებს
გეგმა შეიცვალა - პორტი ინვესტორების გარეშე დარჩა. 2 წელზე მეტი ჩინურ კომპანიასთან ილაპარაკეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ არა ინვესტორი, არამედ სახელმწიფო ააშენებს ანაკლიის პორტს და ტერმინალებს გააქირავებს. ეკონომიკის მინისტრმა დღეს ხალხისთვის ახალი ტერმინი - "ლენდლორდის" მოდელი შემოიტანა. ეს ნიშნავს, რომ პორტის 100 პროცენტი სახელმწიფოს ხელშია და ტერმინალებს იჯარით გასცემს. მარიამ ქვრივიშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ ინტერესი აქვთ ჩინეთს, აზერბაიჯანს, დასავლურ ქვეყნებს, მაგრამ რომელს - აღარ აკონკრეტებს.
2024 წლის მაისიდან "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკება ჰქონდა ჩინურ კონსორციუმთან, ამტკიცებდნენ, რომ ბოლო დეტალებს ათანხმებდნენ. ორი წლის თავზე გაირკვა, რომ ჩინელები არაფერს ააშენებენ.
ანაკლიის პორტის მოდელს "ქართული ოცნება" უკვე მესამედ ცვლის. ბოლო გეგმით, პორტს სრულად სახელმწიფო ფლობს და მართავს, ამას თან მოსდევს ტვირთიც, რომ პორტი, მასთან მისასვლელი გზა, რკინიგზა სახელმწიფომ ააშენოს და გამართოს ინფრასტრუქტურა. ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ეს ჩვენთვის მხოლოდ დამატებით 200 მლნ დოლარის ხარჯია. თანხა ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ანუ ახალი ვალებით უნდა მობილიზდეს. ეკონომისტებისთვის ეს ანაკლიის საბოლოო განაჩენს ნიშნავს.