NATO-ს სამიტზე საქართველო ისევ არ მიიწვიეს - რა გზავნილია ეს ქვეყნისთვის და როგორ პასუხობს "ოცნება" პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
ზედიზედ მეორე წელია NATO-ს სამიტი საქართველოს მონაწილეობის გარეშე ჩაივლის. თბილისიდან სულ რაღაც 2 საათის საფრენ მანძილზე, ანკარაში - ალიანსის ლიდერები იკრიბებიან. გეოგრაფიული სიახლოვე, საქართველოსთვის რეალობას არ ცვლის. "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის იზოლაციისა და შეცვლილი საგარეო კურსის გამო, საქართველო ალიანსის დღის წესრიგიდან გაქრა.
22 წლის შემდეგ პირველად, წელს NATO-ს სამიტს თურქეთი უმასპინძლებს. ერდოღანს, როგორც შეხვედრის ორგანიზატორს, სრული უფლება ჰქონდა, საკუთარი ინიციატივით მიეწვია რეგიონული პარტნიორები, მეზობლები და ალიანსის ასპირანტები, თუმცა, თურქეთის ლიდერს ეს ბერკეტი თბილისის სასარგებლოდ არ გამოუყენებია. ანკარამ, რომელიც წლებია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და NATO-სკენ მიმავალ გზაზე ჩვენს მთავარ ლობისტად მიიჩნევა, ამჯერად დუმილი არჩია. "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის ლიდერმა არ იცის, რატომ არ მიიწვიეს საქართველო NATO-ს ისტორიულ სამიტზე/
საქართველოს გაქრობა დღის წესრიგიდან უკვე ტენდენციაა და არა შემთხვევითობაა. გასულ წელსაც NATO-ს სამიტი ჰააგაში საქართველოს გარეშე ჩატარდა, უფრო მეტიც, NATO-ს კომუნიკედან გაქრა ჩანაწერი, რომელიც ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებას იმეორებდა, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი აუცილებლად გახდებოდა.