ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლების მიერ გაფორმებული ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება იმთავითვე ბათილია - განაცხადა სამხარაძემ.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება. მსურს, ყურადღება გავამახვილო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას. უმკაცრესად ვგმობ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოაჩენს რუსეთის მორიგ, სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და მოახდინოს საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიულად აღიარებული რეგიონების დე ფაქტო ანექსირება. შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.