რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - "ლელო" კორუფციულ რისკებზე საუბრობს
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერებთან დაკავშირებით სავარაუდო კორუფციულ რისკებს ხედავს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაახლოებით 20-მილიონლარიანი შესყიდვის სამივე ლოტში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული „სმარტ სოლუშენსი“ გახდა, რომლის მფლობელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლია.
დათუნაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისთვის მსხვილი ინფრასტრუქტურული კონტრაქტების გადაცემა კითხვებს აჩენს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიშობს, რომ რუსთაველის რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს და ქალაქისთვის დამატებითი სატრანსპორტო, სოციალური და ტურისტული პრობლემები შექმნას.
ზუსტად მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული და "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავების მთელი არმია დიდი სიხარულით ამცნობენ მთელ საქართველოს, რომ "ქოცურ" კორუფციას მიწა მიაყარეს მაშინ, როდესაც ციხეში ჩასვეს და დილეგში გამოამწყვდიეს ირაკლი ღარიბაშვილი და მისი კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობა, პირველივე ამბავი, რომელსაც ამ ყველაფრის შემდეგ ვიგებთ არის ის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო ბექა ოდიშარიას ქვისლმა, ვინმე ლევან გოგსაძემ.
კორუფციას ამარცხებენ, მაგრამ დაკავშირებულ პირებთან კონტრაქტების გაფორმებას - არა. როგორ ხდება ეს ყველაფერი თავად განსაჯეთ. ეს არის კორუფციის რისკის შემცველი ამბავი, როდესაც უმსხვილესი მასშტაბის, 20 მილიონი ლარის ტენდერი გადაეცემა ადამიანს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან. ეს არის კორუფცია, აბა, აუცილებელი კი არ არის, რომ მაინცდამაინც ბავშვები გაყვლიფონ და ჯარს საჭმელი მოპარონ, ესეც კორუფციაა.
ჩამონათვალი ძალიან ვრცელია, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: ჩვენ ვნახეთ დატბორილი ქუჩები მთელ ქალაქში, ახლადრეაბილიტირებული ქუჩები, სადაც უბრალოდ სადრენაჟო სისტემა ვერ მოაწყო ვერცერთმა, იგივე წესით, კორუფციულად მოგებულმა ტენდერებმა; დანგრეულია ათობით სკოლა და ათასობით ბავშვი მეხუთე და მეექვსე ცვლაში დადის სხვა სკოლებში და მათი სკოლები არ შენდება. ამ სკოლების ვერ აშენების გამო ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული იმიტომ, რომ აქაც კორუფციული წესით იყო მიღებული ტენდერები; ყველას გვახსოვს კარგად 2023 წელს ჩამონგრეული სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა იმიტომ, რომ მეშვიდე თუ მერვე კომპანია ოპერირებს ახლა იქ და ვერაფერს აკეთებს; გაგახსენებთ აგრეთვე ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეულ ჭერს, რომელიც იმაზე დიდი ხანია კეთდება, ვიდრე სიქსტის კაპელა იხატებოდა; ახლად რეაბილიტირებულ ავლაბრის მეტროში ორი დღეა კოკისპირულად წვიმს, ხოლო გუშინ ამ "ქოცური" კორუფციული სტანდარტით აეროპორტში ყველა წერტილიდან წყალმა დაიწყო დენა და დღეს აეროპორტი მომლოდინეება და მგზავრებს შიგნით ვერ იღებს. აი, ამ კორუფციული სქემების ავტორი და ის ხალხი, რომელიც ამას აგრძელებს ვინმე გოგსაძით და სხვა მათთან დაკავშირებული პირებისთვის მიცემული ტენდერებით, ეს ხალხი გვეუბნება, რომ ისინი მოხერხებენ და სამ წელიწადში ააშენონ ისეთი რთული კონსტრუქციას, როგორიც არის ანაკლიის პორტი, თან მესამედ ფასად.
ანაკლიის პორტი, რომელსაც ვერასდროს ააშენებენ იქით იყოს, რუსთაველის გამზირი არის არტერია არამხოლოდ თბილისის, არამედ ამ ქვეყნის, არის მთავარი ტურისტული ზონა ამ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი შემოსავლის გენერირება ხდება ტურისტული ტრაფიკით, ამ ქუჩის რეაბილიტაცია მიანდო ასეთი სქემებით ადამიანებს, რომლებიც გაურკვეველი ვადით, დღესაც არ ვიცით როგორ და რა ვითარებაში დაამთავრებენ ამ რეაბილიტაციას, არის კოლაფსი როგორც სატრანსპორტო, ისე სოციალური, ტურისტული და ზოგადად, კიდევ ერთი მაგალითი რომ ვიტრინულად ქალაქის ცენტრალურ გამზირზეც "ქოცური" კორუფციის გამო, რა თქმა უნდა, თვეები გაიწელება წინასწარ, რაღაც ვადებში დაგეგმილი რეაბილიტაცია. ამიტომ, მეგობრებო, არც კორუფცია წასულა სადმე, არც "ქოცური" მომრიგებლობა, ერთადერთი, საწყალი ღარიბაშვილი და ლილუაშვილი და ძმანნი მისნი სხედან ციხეში, როგორც სადემონსტრაციოდ დასჯილი ხალხი, - განაცხადა დათუნაშვილმა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლის, ლევან გოგსაძის კომპანიამ მოიგო. პროექტის ფარგლებში კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით 20 მილიონ ლარს მიიღებს.
შესყიდვა სამ ნაწილად იყო დაყოფილი და თითოეულ ტენდერში ერთადერთი მონაწილე სწორედ „სმარტ სოლუშენსი“ აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველა ლოტში გამარჯვებულადაც ეს კომპანია დასახელდა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის მერიას წარსულში რამდენჯერმე ჩაეშალა. კახა კალაძის განმარტებით, მიზეზი კომპანიების მხრიდან ტენდერებში მონაწილეობის ნაკლებობა იყო.
ორი წლის შემდეგ კი პროექტზე გამოყოფილი თანხები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიამ მიიღო.