126 ათასზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა - რას ამბობენ ოპოზიციაში
ოპოზიციის წარმომადგენლები 126 ათასზე მეტი ადამიანისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ ან ერთადერთი შემოსავალი წაართვა, ან ეს იყო საქართველოს გადასახადების გადამხდელების ხარჯზე მასშტაბური აფიორა.
- ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, თუ ასი ათასზე მეტი ადამიანი სოციალურ შემწეობას წლების მანძილზე ტყუილად იღებდა, "ქართულმა ოცნებამ" ამაზე პასუხი უნდა აგოს, რადგან ეს უდიდესი დანაშაულია.
126 ათასი ადამიანის ამოღება ერთბაშად, ეს არ არის მარტივი განაცხადი, ეს არის 15%-მდე შემცირება საქართველოში სოციალურად დაუცველების. ან უნდა თქვას, რომ ეს იყო საქართველოს გადასახადების გადამხდელების ხარჯზე მასშტაბური აფიორა, რომლის სათავეშიც იდგა "ქართული ოცნება" და პასუხი უნდა აგოს ამაზე, რომ ასი ათასზე მეტი ადამიანი ტყუილად ჰყავდა საქართველოს გადასახადის გადამხდელების ხარჯზე პირდაპირ დაფინანსებული, მათ ეს არ სჭირდებოდათ და ეს არის უდიდესი დანაშაული, ან ეს უნდა აღიაროს, ან უნდა აღიაროს ის, რომ 126 ათასი ადამიანი სრულიად უსამართლოდ, არაადამიანურად დატოვა უკანასკნელი ლუკმა-პურის გარეშე," - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
ცოტნე კობერიძის განცხადებით, არსებული სოციალური სქემა და სისტემა ყოველთვის არჩევნებისთვის იყო გათლილი. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა სია პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ხელისუფლება არჩევნებზე ხმების მისაღებად იყენებს.
არსებული სოციალური სქემა და სისტემა ყოველთვის გათვლილი იყო არჩევნებისთვის და არჩევნების წინ ხოლმე ეს სია უფრო იზრდება, როცა არჩევნები არ არის, უფრო მეტად იფერთხება. სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ჩემი აზრით, ამას არანაირი შემხებლობა, არც საქართველოს და არც სხვა ქვეყანაში, ძირითადად არ გააჩნია, ეს არის პოლიტიკური იარაღი ჩვენს ქვეყანაში.
ხელისუფალს აქვს ეს პოლიტიკა, ხელისუფალს აქვს პოლიტიკა, როცა საკუთარი პარტიის წარმატებისთვის იყენებს საბიუჯეტო თანხებს, რაც არის კორუფციის ერთ-ერთი სქემა და ფორმა. ფული იხარჯება ამ ფორმით ხმების მოსასყიდად, ეს არის თანამედროვე ფორმა იმისათვის, რომ ხმები მოისყიდო მეტ-ნაკლებად ლეგალურად," - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, თუ ვინმე სიღარიბიდან ამოვიდა, ეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ გაჭირვების გამო ადამიანებს ემიგრაციაში წასვლა უწევთ.
სიღარიბიდან ვინც ამოვიდა, ამოვიდა იმით, რომ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. სამწუხაროდ, კლებულობს საქართველოს ტერიტორიაზე და სიღარიბის გამო უწევთ ადამიანებს ემიგრაციაში წასვლა. საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, რაღაც მონოპოლია ჰქონდა "ოცნებას" ბიუჯეტის განკარგვის, იმ ადამიანების საკეთილდღეოდ, რომლებიც მათ ქსელში იყვნენ გაწევრიანებულები იმიტომ, რომ როცა ვამბობთ ადამიანებზე, რომლებიც არიან ტროლ-ბოტების ქარხნებში დასაქმებულები, ადამიანები რომლებიც ზონდერობენ, ყველა ეს ადამიანი მიბმულია სახელმწიფო ბიუჯეტზე," - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, 2026 წელს საარსებო შემწეობას:
- იანვარში - 710 226 ადამიანი იღებდა;
- თებერვალში - 709 458 ადამიანი;
- მარტში - 667 793 ადამიანი;
- აპრილში - 645 920 ადამიანი;
- მაისში - 605 033 ადამიანი;
- ივნისში - 584 137 ადამიანი.