"ოცნება" თვალებში ნაცარს გვაყრის - აქციებზე დაკავებულების მშობლები პოლიციელების დაწინაურებაზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად იოსებ სიგუას დანიშვნას აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები ეხმაურებიან. მათი თქმით, ხელისუფლება მაღალ თანამდებობებზე იმ პირებს ნიშნავს, რომლებიც, მათი თქმით, აქციებზე დაკავებული პირების საქმეებთან ან მათ მიმართ ძალადობის ბრალდებებთან იყვნენ დაკავშირებული. მათი შეფასებით, სიგუას დანიშვნა სისტემაში პასუხისმგებლობის ნაცვლად დაწინაურების პრაქტიკას აჩვენებს.
ამასთან, საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე ამბობს, რომ მისი შვილი სწორედ პირველ სამმართველოში, იოსებ სიგუას კაბინეტში აწამეს და მომხდარს თავად სიგუაც ესწრებოდა.
ყველა თანამდებობაზე დასვეს თუ ვინმე ირგვლივ სინდისის პატიმრებთან იყო შეხებაში და არიან მაღალ თანამდებობაზე. საბა, მანდ, პირველ სამმართველოში აწამეს და ზუსტად, როგორც ვიცი, მერვე სართულზე სამმართველოს უფროსთან, ბატონ სიგუასთან იყო კაბინეტში, სადაც საბას იჭერდა ორი კაცი და დანარჩენი ურტყამდა. და ამას ესწრებოდა სიგუა. ახლა ჩანაცვლეს ერთი ჯალათი მეორე ჯალათით, დგებუაძით, რომელიც, კიდევ გავიმეორებ, 9 თვის მანძილზე ლოყა ეწვოდა და ტიროდა, - ამბობს ელენე ახობაძე.
გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია კი ამბობს, რომ "ოცნება" მსგავსი ქმედებებით ხალხს თვალებში ნაცარს აყრის.
ამით ნაცარს გვაყრიან თვალში, მაგრამ ჩვენ ამას არ ჩავიყრით, იმიტომ, რომ დგებუაძის ლოყა თუ აწითლდა, მზია ორი წლით უნდა ჩამჯდარიყო. ისეთი ქალბატონი, რომელიც საზოგადოებისთვის იყო გვერდში მდგომი, ნათლად გამოაჩენდა ყველაფერს, ნამდვილად არ უნდა გამოკეტილიყო პენიტენციურში, - ამბობს ნანი წულაია.
მარინა ტერიშვილი კი აღნიშნავს, რომ "ოცნება" ახალგაზრდებს კარდონის სროლის გამო იჭერს, ირაკლი დგებუაძეს კი, რომელმაც მზია ამაღლოებლი შეურაცხყო, აწინაურებს.
ძირიდან აღებული კარდონის სროლის გულისთვის ორი წელიწადი ციხეებში გამოკეტეს და დგეუაბიძის იმხელა შეურაცხყოფისთვის, რაც იმან მზია ამაღლობელს მიაყენა ის დააწინაურეს, აი, რა ჰქვია ამ ყველაფერს უკვე აღარ ვიცით, - ამბობს მარინა ტერიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა დაინიშნა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფელირებული Facebook გვერდი, "ყველაფერი პოლიციის შესახებ" წერს.
სიგუა ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.
შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუას მოქმედი ცილი უმძიმეს ბრალდებას უყენებს. სოფია სიგუა - შატბერავა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მაღალჩინოსანი ქმარი მას "12-ე სართულიდან გადაგდებით", "კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა.