"საჭიროა ფუნდამენტური რეფორმა" - „ლელო“ საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითხოვს
საქართველოში აუცილებელია საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს' წევრმა თორნიკა ართქმელიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებით სტიმულს შექმნის და მოქალაქეებს საგადასახადო ტვირთს შეუმსუბუქებს.
ართქმელიძე აცხადებს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარი 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება ოჯახზე წლიური 40 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარის შემოსავლის შემთხვევაში უნდა წარმოიშვას.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის შეფასებით, მოქმედი საგადასახადო ზღვრები 2005 წლიდან პრაქტიკულად უცვლელია, მაშინ როდესაც ქვეყანაში ინფლაცია, ფასები და ფულის მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი თქმით, არსებული პოლიტიკა ვეღარ პასუხობს მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის საჭიროებებს.
საქართველოში აუცილებელია საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაუტოვებს ბევრად მეტ შემოსავალს და ოცნების მაღალჩინოსნებს ნაკლებ ფულს ბიუჯეტიდან მოსაპარად. პირველ რიგში, “ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება, 100 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას. ეს ცვლილება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ მოიტანს, მაგრამ იქნება უდიდესი სტიმული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მეორე უდიდესი პრობლემა საქართველოს საგადასახადო კოდექსში არის ქონების გადასახადის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც ასევე 20 წელზე მეტი ხნის წინ დაწესდა, რის შემდეგაც ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო 40 ათასი ლარი ოჯახზე საერთოდ არ არის ის ზღვარი, რომელიც შეიძლება ქონების გადასახადის წარმოშობის ვალდებულებას ქმნიდეს. ბევრად რაციონალური იქნება, ქონების გადასხადის გადახდის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდოს. 2005 წელს დადგენილი საგადასახადო ზღვრები დღემდე უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ არაერთი ეკონომიკური გამოწვევა გაიარა, კატასტროფულად გაიზარდა ინფლაცია, შეიცვალა ფასები და ფულის მსყიდველუნარიანობა. თუმცა სახელმწიფო კვლავ 20 წლის წინ დაწესებული კრიტერიუმებით ბეგრავს მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესს. “ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს მოქალაეების ჯიბეებიდან ამოიღოს მილიონობით ლარი, რომელიც მერე კორუფციულ სქემებში იხარჯება და ოცნების მაღალჩინოსნებს ამდიდრებს. საქართველოს საგადასხადო პოლიტიკა არის მოძველებული და ვერ პასუხობს ვერც მცირე და საშუალო ბიზნესის და ვერც საქართველოს მოქალაქეების გამოწვევებს, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძე.