"სასამართლოზე ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - როგორ პასუხობენ ოპოზიციაში ირაკლი კობახიძეს

10.07.26 19:12
"სასამართლოზე ზეწოლის კლასიკური მაგალითი" - როგორ პასუხობენ ოპოზიციაში ირაკლი კობახიძეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობენ, რომლის თქმითაც, მიდგომა "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია" არის ზუსტად ქვეყნის ღალატი და ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტიკური ლიდერები ერთ თვეში/თვე-ნახევარში ან საპატიმროში, ან ქვეყნის გარეთ აღმოჩნდებიან და შესაბამისად "უბრალოდ ამის ხელახლა დაფიქსირება მოახდინა დღეს კობახიძემ". 

აქციები არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ბრძოლის გზა, ისევე, როგორც იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, ადამიანების წამებაზე, მასობრივ ძალადობაზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე, არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ნაწილი ასევე მიღებული დემოკრატიულ ქვეყნებში. 

ის, რასაც კობახიძე ლაპარაკობს, მაგას ისედაც ანხორციელებენ, საუბარი იმაზე, რომ ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ჯამში, თავის კოალიციებთან, პარტიებთან ერთად, დაამარცხა ეს რეჟიმი, უბრალოდ ვერ შეძლეს შემდეგ ამ გამარჯვების გაფორმება, ყველა ეს ადამიანი ძალიან მალე, ერთ თვეში, თვე-ნახევარში აღმოჩნდება ან საპატიმროში, ან ქვეყნის გარეთ, ეს არის რეალობა რომელიც ისედაც დგას და უბრალოდ ამის ხელახლა დაფიქსირება მოახდინა დღეს კობახიძემ, ამაში ახალი არაფერი არ არის," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება სასამართლოზე "ზეწოლის კლასიკური მაგალითი იყო". 

როგორ ერევა ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული მოღალატეები პირდაპირ ერევიან სასამართლო საქმიანობაში, შესაბამისად კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს და ის იმართება ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ზეწოლის კლასიკური მაგალითი იყო სასამართლოზე, ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეზე და საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელმაც პარტიების საკითხი უნდა განიხილოს. ირაკლი კობახიძეს საქართველოს კონსტიტუციით არავინ არ ეკითხება რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სასამართლოები, მაგრამ ის ამას აკეთებს," - თქვა თაზო დათუნაშვილმა. 

"ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, "აქცია, სანქცია, ალტერნატივა" ნამდვილად არის ეფექტური ფორმულა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მაშინ, როდესაც კობახიძისთვის სამშობლო ბიძინა ივანიშვილია, "სამშობლოს ღალატად ნამდვილად შეიძლება დაფორმულირდეს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ძირს გამოუთხრის".

ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას, ქვეყნის გარედან რეჟიმზე წნეხს და რაც მთავარია, დემოკრატიული ალტერნატივის შექმნას ნამდვილად აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის ძირის გამომთხრელი გავლენა და კიდევ ერთხელ, მაშინ, როდესაც სამშობლო ბიძინა ივანიშვილია კობახიძისთვის, სამშობლოს ღალატად ნამდვილად შეიძლება დაფორმულირდეს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ძირს გამოუთხრის და კი, აქცია, სანქცია, ალტერნატივა ნამდვილად არის ეფექტური ფორმულა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ," - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, სოფიო ხორგუანი ამბობს, რომ თუ ვინმემ უნდა აგოს სამართლებრივად პასუხი, ეს ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე არიან.

თუ ვინმემ უნდა აგოს სამართლებრივად პასუხი, ეს არის ირაკლი კობახიძე და მისი მეგობარი მამუკა მდინარაძე, რომელმაც დააორგანიზა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტში. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება და ეს არ არის ერთი საქმე, უამრავი საქმეა რის გამოც ამ ადამიანებს პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ, რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს ირაკლი კობახიძემ, თუ ვინმე ეწევა ამ ქვეყნის საბოტაჟს, ეს არიან ის ადამიანები, ვისაც დღეს მიტაცებული აქვს ძალაუფლება," - ამბობს სოფიო ხორგუანი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც  ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთვის აუცილებელია როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტის გაძლიერება, ისე საერთაშორისო სანქციების მიმართულებით მუშაობა.

მსგავსი სიახლეები