ჰერჩინსკი: ქვეყნები რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, EU-ში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან, დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან საქართველო მათ შორის არ არის - "რაც დასანანია, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ეს დროებითია“.
ელჩის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, მაგრამ ასევე უცვლელია მისი წესებიც, რაც დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება.
30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომელმაც მიმართვა ქართულ ენაზე წაიკითხა.
„მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ. „Batumi ech Batumi“ - ბევრისთვის ცნობილი ეს პოლონური მელოდიაც ბათუმის სიდიადეს უმღერის. „შავი ზღვის მარგალიტი“ ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას.
ვინ, თუ არა თქვენ, ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი.
ევროპის ძალაც, არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა.
სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია.
მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია.
30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი.
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.
ახლა კი, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო წინ!“- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.