ვის [არ] უხდის ფულს ბიძინა ივანიშვილი?

11.07.26 21:11
ვის [არ] უხდის ფულს ბიძინა ივანიშვილი?

რა ოდენობის თანხას ურიცხავს ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდ ქართუს გავლით, ყოველ თვე, კულტურის სამინისტროს, რამდენ მსახიობსა და მომღერალზე ნაწილდება ეს თანხა? - წერილში, რომელიც "შაბათის ეთერმა" თინათინ რუხაძის სამინისტროს პრესსამსახურისგან მიიღო, მხოლოდ ის წერია, რომ "ქართუ" გრანტის სახით კულტურის სამინისტროს ფულს აძლევს, მაგრამ რამდენს და რას ხმარდება ეს ფული, უწყება პერსონალური მონაცემების გათქმის საბაბით არ ახმაურებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ თანხის ოდენობა და მიზნობრიობა პერსონალურ მონაცემებს არ შეიცავს.

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 319 მილიონი ლარია, წესით, პრობლემა არ უნდა იყოს, რომ გამოჩენილ მსახიობებსა და მომღერლებს, სახელმწიფომ ღვაწლი დაუფასოს და ყოველთვიური დანამატი მისცეს, თუმცა ივანიშვილი, ცნობილი სახეების ნაწილის დაფინანსებას საკუთარი სახელით დღემდე აგრძელებს.

"შაბათის ეთერმა" დასვა კითხვა - არის თუ არა ეს მისი სვლა იმისთვის, რომ ადამიანები, ვის საჯარო პოზიციასაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მასთან მუდმივად ვალში იყვნენ.  

ვის აფინანსებს ივანიშვილი და რატომ აქვს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ცნობადი სახეებისთვის ყოველთვე მიცემულ 2000, 3000 ან 5000 ლარს მისი სახელი ერქვას?! - რახან საჯარო უწყება მონაცემებს მალავს, "შაბათის ეთერი" ინფორმაციის გადამოწმებას იმ ხალხით იწყებს, ვინც ხელფასს ბიძინა ივანიშვილისგან წლებია, იღებს.

  • ზურაბ ყიფშიძემ "შაბათის ეთერთან" საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ ეს ჟურნალისტის საქმე არ არის.
  • ნანული სარაჯიშვილმა კითხვა მოისმინა, გაიგო რომ  TV პირველიდან უკავშირდებოდნენ, შმდეგ კი გათიშა.
  • კითხვებს არ პასუხობს მომღერალი მანანა თოდაძეც.
  • პრივილეგირებულთა სიაში ყოფნას ადასტურებს ჯემალ სეფიაშვილი, თუმცა არ ამხელს, რამდენს უხდის მას ბიძინა ივანიშვილი. 

თანხას იღებს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე. [ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძე 2011-2012 წლებში ივანიშვილის  გასამარჯვებლად სოფელ-სოფელ დადიოდნენ, არ იშურებდნენ არც უხვ დაპირებებს და არც წინა ხელისუფლების  მიმართ კრიტიკას]. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ნინელი ჭანკვეტაძე საჯარო სივრციდან გაქრა. არც ერთი განცხადება ხალხის ცემაზე, დარბევაზე, მას საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

საბუთებით დგინდება, რომ ნინელი ჭანკვეტაძემ ამასობაში მიიღო ბინა, თბილისის მერიისგან. თბილისის მთავრობისგან გადაცემული ორ ოთახიანი აპარტამენტი ანა პოლიტკოვსკიას ქუჩაზე საცხოვრებელ კომპლექტშია განთავსებული. კალაძის უწყებამ მსახიობს ეს ფართი, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, დაუსრულებელი მშენებლობის სანაცვლოდ გადასცა, სადაც ნინელი ჭანკვეტაძე ბინას 90 იანები წლებიდან მოყოლებული ელოდა და სადაც ამ დრომდე ისევ კარკასია. აპარტამენტი, რომელიც მიტოვებული მშენებლობის ნაცვლად მსახიობს საკუთრებაში გადასცეს, კომერციული დანიშნულებით გამოიყენება და ნინელი ჭანკვეტაძის ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. 

"შაბათის ეთერის" მიერ დადგენილია, რომ სიაში, რომელსაც კულტურის მინისტრი 4 თვეზე მეტია, რაც  არ აძლევს TV პირველს, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და ჯემალ სეფიაშვილი დღემდე არიან.

"შაბათის ეთერის" მიერ ჩატარებულმა სატელეფონო მონიტორინგმა აჩვენა ისიც, რომ ივანიშვილმა ხელფასის ხდა, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების ერთ ნაწილს, თავად, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუწყვიტა, მათ შორის არის ნინო სალუქვაძე. ივანიშვილისგან ფულს აღარ იღებენ თათული დოლიძე და ნანა ლორთქოფანიძე

ირმა სოხაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა დაფინანსება ჯერ ანსამბლებს მოუხსნა, მერე სოლისტებსაც. მომღერალი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს პოლიტიკური განწყობების მიხედვით ცხრილავს.  სოხაძე ერთ-ერთი ყველაზე ბოლო იყო 2024 წელს, ვინც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა. 

"აკადემია სახელოსნო 42"-ის დამფუძნებელი, მსახიობი მანანა კაზაკოვა მადლიერია იმ წლების, როცა ივანიშვილზე არაფერი იცოდა, მისგან ხელფასს იღებდა და მდიდარი კაცის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება ეგონა. თუმცა ახლა, მისი კოლეგების დუმილი კიდევ უფრო მეტად არწმუნებს იმაში, რომ მადლიერების მიუხედავად, ხელფასში თავისუფლებას ვერასდროს გაცვლიდა.

ლანა ღოღობერიძე, ეკა ნიჟარაძეც მათ შორის არიან, რომლებიც ივანიშვილისგან ფულს არ იღებენ. 

ცნობისთვის, "მარჯანიშვილის თეატრის" მსახიობი და ცნობილი ხმა დიმა ტატიშვილი პირველი იყო, ვინც 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე, მისგან დანიშნულ ხელფასზე უარი თქვა. 

გარდა ხელფასების გაცემისა, იყო შემთხვევები, როცა მილიარდერი ფულს საკუთარი ჯიბიდან აღარ იღებდა და მაგალითად რობერტ სტურუას გულის მოგებას, უძრავი ქონების ჩუქებით ცდილობდნენ. 

საუბარია რეჟისორისთვის 1 ლარად გადაცემული და შემდეგ 600 ათას ლარად გასხვისებული მიწაზე. ყურადღებას იქცევს მათ შორის პრემიერის მიერ, საგანგებოდ რეჟისორისთვის გამოცემული  განკარგულება, ლისზე არსებული მიწის ფართობის ჩუქების თაობაზეც.

მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი