„უკრაინის ქართველი გმირების მარში” - მსვლელობას დაღუპული მებრძოლების დედები შეუერთდნენ

11.07.26 21:22
„უკრაინის ქართველი გმირების მარში” - მსვლელობას დაღუპული მებრძოლების დედები შეუერთდნენ

 „უკრაინის ქართველი გმირების მარში” - თბილისში შაბათის ტრადიციული მარში ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.

აქციას უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებიც ესწრებიან. მსვლელობაში მონაწილეებმა გაშალეს საქართველოსა და უკრაინის გიგანტური დროშები. 

"დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!" - ისმის დედაქალაქის მტავარ გამზირზე. 

მსვლელობამდე განცხადება გააკეთა “ერთი ხალხი, ერთი საქართველოს" სპიკერმა, რომელსაც TVPIRVELI.GE უცვლელად გთავაზობთ: 

რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი დღეებიდან უკაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი უკრაინელი სამხედროების მხარდამხარ იბრძვის და ეხმარება მათ ოკუპანტების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. ასზე მეტი ქართველი გმირი დაეცა ბრძოლის ველზე. მათი თავგანწირვის უმთავრესი მიზეზი საქართველოს უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და მშვიდობიან მომავალს უკავშირდება. ბევრი მათგანი თვითონ იყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო სამხედრო ოკუპაციის წინაღმდეგ ბრძოლების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. მათთვის რუსული ოკუპაცია და მისი შედეგები პირადი გამოცდილებაა. მათთვის რუსეთია ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ოჯახების მტერი. ბევრი ქართველის მსგავსად, უკრაინაში მებრძოლი ქართველები მიიჩნევენ, რომ უკარაინაში რუსეთის დამარცხება საქართველოს უსაფრთხოებასთან და თავისუფლებასთან არის დაკავშირებული.

საქართველოსა და უკრაინას ბევრი საერთო აქვთ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და დევნილობის სიმძიმე.  ორივე ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, განავითაროს და გააძლიეროს საკუთარი სახელმწიფოები. რუსეთის  სამხედრო აგრესია სწორედ ჩვენი ქვეყნების თავისუფლებას, განვითარებასა და მშვიდობიანი პროცესების  შეჩერებას ემსახურება. უკრაინა იბრძვის არა ომისთვის, არამედ მშვიდობისთვის. უკრაინელები იცავენ საკუთარ მიწას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საკუთარი შვილების მშვიდობიან მომავალს.

ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი. თუმცა ასევე გვესმის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარეშე ვერ იქნება ნამდვილი მშვიდობა. დამოუკიდებლობის გარეშე მშვიდობა ნიშნავს დამორჩილებას. სწორედ ამიტომ, უკრაინა დღეს საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.

ბევრი ფიქრობდა, რომ პუტინის რუსეთი უკრაინას და კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა, თუმცა უკრაინელი ხალხის ერთიანობამ, სიმტკიცემ და თავდადებამ მთელი მსოფლიო გააოცა. დღეს უკრაინა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების წინ. საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერითა და დახმარებით ის მტკიცედ აგრძელებს საკუთარი ხალხის, მიწისა და სუვერენიტეტის დაცვას.

ამ ომმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის პოზიციებს, ეკონომიკას, სამხედრო ინდუსტრიასა და დემოგრაფიიულ მდგომარეობას.  რუსეთმა დაკარგა არა მხოლოდ ცალკეული პარტნიორები, როგორიცაა სომხეთი, სირია, ვენესუელა, ირანი, არამედ მნიშვნელოვნად შეასუსტა თავისი გეოპოლიტიკური გავლენები. ბევრმა ქვეყანამ დაინახა, რომ რუსეთის მხარდაჭერა და მოკავშირეობრივი ვალდებულებები არ ნიშნავს რეალურ დაცვას. უკრაინამ გაანდადგურა რუსეთის ჯარის უძლეველობის მითი. ყველა ხედავს ღირსებააყრილ, უბედურ და დაუძლურებულ რუს ჯარისკაცებს.  უკრაინის წინსვლამ და რუსეთის ზურგში შეტევამ გვაჩვენა, თუ რა ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური და დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას ის.  ადამიანები ვერ იღებენ ელემენტარულ მომსახურეობას, არ აქვთ ინტერნეტი, საათობით დგანან ბენზინის კილომეტრიან რიგებში. რუსეთში შესამჩნევად იზრდება პუტინის მიმართ აგრესია და უნდობლობა.

ქართველი გმირების ბრძოლა და თავდადება უკრაინაში ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის  ბრძოლაა. ის არის საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის თავგანწირვის გათვითცნობიერებული არჩევანი. ჩვენ გვახსოვს გმირები და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას სამუდამოდ.

გმირები არ კვდებიან!

დიდება გმირებს!"- აცხადებენ  “ერთი ხალხი, ერთი საქართველოს"წარმომადგენლები.