იოსებ სიგუას ცოლი ამბობს, რომ საქმეში ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები დევს
სასამართლოს მიერ, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იოსებ სიგუასთვის ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე არსებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით კმაყოფილია ექს-მაღალჩინოსნის ცოლი, სოფიო სიგუა-შატბერავა.
ქალი, რომელიც პოლკოვნიკ ქმარს მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ საქმეში ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები დევს.
რაც შეეხება "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემული მამხილებელი ინტერვიუს შემდეგ, იოსებ სიგუას დაწინაურების ფაქტს, სოფია სიგუა-შატბერავა დანაშაულის წახალისებად აფასებს.
კარგია, ის რომ შემაკავებელი დარჩა ძალაში, სამაჯური დარჩა ძალაში. ის ყოველთვის მემუქრებოდა მძიმე, გაუხსნელი მკვლელობით, ძალადობდა ჩემზე და ეს ხდებოდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მას შემდეგ რაც ხმა ამოვიღე, ყველა დამიპირისპირდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც არის.
მთელი ამ 13 წლის კასკადი წარმოდგენილია, არიან მოწმეები, არის გარკვეული მტკიცებულებები, რაღაც ფოტომასალა, რაღაც ვიდეო-მასალა. პლუს ეს დევნის ფაქტი. კარგია, ის რომ რეაგირება მოხდა და ეს საპასუხო რეაქცია რაც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ ის დაეწინაურებინათ, ეს ჩემი ქეისი კი არა, ზოგადად პრობლემაა. ასეთი საქმე არ უნდა წახალისდეს"- აცხადებს ქალი.
სოფიო სიგუა-შატბერავა აცხადებს, რომ სამართლებრივ დავას აგრძელებს. ხანდაზმულობას რაც შეეხება, რომელზეც იოსებ სიგუას ადვოკატები პროცესზე საუბრობდნენ, ქალი ამბობს, რომ როცა ძალადობა ორსულობის პერიოდში და არასრულწლოვნების თანდასწრებით ხდება, ამას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
იოსებ სიგუასაც დაწყებული აქვს სამართალწარმოება, დაყადაღებულია ჩემი მშობლების ქონება, რომლებზეც მთავაზობდა გამეცვალა ჩვენი თანაცხოვრების დროს ნაყიდ ქონებაში.
ცილისწამებას აქ ადგილი ვერ ექნება, რაზეც ასევე დავობს, თუმცა იდავოს, რადგან დღეს, დღის წესრიგში სიმართლე დგას.
რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს ძალიან კარგია, აქამდეც უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, სანამ ეს პროცესები მიდიოდა, წახალისების მიზნით კი არ უნდა დაეწინაურებინათ და როცა გახმაურდა, კომენტარი უნდა გაეკეთებინათ და რეაგირება უნდა ჰქონოდათ",- განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუასთვის, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე არსებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
წინა გვირას, იოსებ სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერს" განუცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
სიგუამ დღეს, სასამართლოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.
ამ პოსტზე მან 24 საათი იმუშავა. პოლიციელი რომელმაც სისტემაში წლები გაატარა, მუშაობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსადაც.