იოსებ სიგუას ადვოკატი: სოფიო სიგუას მიზანია, მიიღოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ქონება
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას ადვოკატის თქმით, რსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ სოფიო სიგუა-შატბერავას მიერ გაჟღერებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.
თეონა გვაზავა ამბობს, რომ "სოფიო სიგუას მიზანია, მიიღოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ქონება".
ადვოკატის განცხადებით, ქალის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია პატივისა და ღირსების შელახვას ემსახურება, რასთან დაკავშირებითაც უფლებადამცველის თქმით, გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები.
„გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება. წლების განმავლობაში არ არსებობს კონკრეტული მოწმე, არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტი, არ არსებობს თუნდაც ფოტოსურათი, რომელიც ასახავს ხელზე არსებულ დაზიანებას.
სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები”,- განაცხადა გვაზავამ.
მისივე თქმით, სოფიო სიგუა "მოძრაობს მხოლოდ და მხოლოდ ქონებრივი ინტერესის გათვალისწინებით“.
„მისი მიზანია, მიიღოს, რაც შეიძლება დიდი ოდენობით ფულადი თანხები. მისი მიზანია მიიღოს რაც შეიძლება ბევრი უძრავი ქონება. საწყის ეტაპზე, პირველი შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ, მან მოითხოვა მის სახელზე ქონებათა გადაფორმება, რაც დაკმაყოფილდა როგორც თანამესაკუთრისა, პირისა, რომელიც იმყოფება ქორწინებაში იოსებ სიგუასთან. მას შემდეგ რაც კანონით გათვალისწინებული წესით, იოსებ სიგუამ დაიწყო მისი ქონებრივი უფლებების დაცვა და მოითხოვა თანამესაკუთრედ ცნობა, სოფიო სიგუას მიერ სპეციალურად გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით და გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, სოფიო სიგუამ სწორედ ამის შემდეგ მიმართა როგორც ტელევიზიებს, ისე საგამოძიებო ორგანოს“,- განაცხადა თეონა გვაზავამ.
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერს, თეონა გვაზავას ინფორმაციით, ორდერის გამოწერა, არ ნიშნავს, რომ ეს ორდერი გამოიცა, რადგან ის „სასამართლომ გააუქმა“.
„დაშვების დონეზე, თუ იქნებოდა დადასტურებული ინფორმაცია, რაც ქალბატონმა სოფიომ გააჟღერა, აღნიშნულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია, თუმცა, არც წარსულში, არც უახლოეს პერიოდში, რაიმე სახის ფიზიკური სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება იოსებ სიგუას მხრიდან არ არის დაფიქსირებული. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მერწმუნეთ, იქნებოდა მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც, მინიმუმ ერთი პირი მაინც, რომელიც დაადასტურებდა“,- განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუასთვის, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე არსებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
წინა გვირას, იოსებ სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერს" განუცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
სიგუამ დღეს, სასამართლოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.
სხდომის დასრულების შემეგ, TV პირველმა სიგუას მისცა საშუალება მძიმე ბრალდებებზე კომენტარი გაეკეთებინა, თუმცა მან ჩვენი ჟურნალისტის არცერთ შეკითხვას არ უპასუხა. "შაბათის ეთერი" სიუჟეტის მომზადების დროსაც ცდილობდა პოლიციის მაღალჩინოსნის კომენტარის მოპოვებას, თუმცა სიგუას ნაცვლად რეპორტაჟის ავტორს სოფიო სიგუას მამა დაუკავშირდა, ვისი პოზიციაც გადაცემაში გაჟღერდა.