ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა - კაია კალასი

13.07.26 10:36
ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა - კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების არარსებობის გამო, აქცენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე აკეთებს.

როგორც კალასმა „ევროსკოპთან“ საუბრისას აღნიშნა, ბრიუსელში ასევე იმსჯელეს, როგორ შეიძლება ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებს, რათა მათ „ევროპის იმედი არ დაკარგონ“.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირები პრაქტიკულად აღარ აქვს და არ სურს ხელისუფლების მხარდაჭერა, თუმცა განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გზების ძიებას.

 

რაც შეეხება შავი ზღვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს გასული წლიდან, ახლა ამის იმპლემენტაცია მიმდინარეობს. შავი ზღვის გარშემო არსებული სხვადასხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ჩვენ ასევე გვაქვს სირთულეები , პრობლემები, საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ რეალურად არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა... ჩვენ გვინდა საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. და ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი, - განაცხადა კალასმა. 

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება განიხილება.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ინფორმაციით, სტრატეგიის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ მინისტრები შეაფასებენ მიღწეულ შედეგებს და იმსჯელებენ შემდგომ ნაბიჯებზე.

 

მსგავსი სიახლეები