4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძის პოზიცია ცნობილია

13.07.26 11:25
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძის პოზიცია ცნობილია

 

 

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძე ბრალს არ აღიარებს - ამის შესახებ ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, ადვოკატს უთხრა, რომ არანაირ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას არ აცხადებს. 

იურისტის თქმით, დღეის მონაცემებით, ბექა ჭულუხაძეს ჩვენება მიცემული არ აქვს. 

ჭულუხაძემ უფლებადამცველს უთხრა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ნამდვილად იმყოფებოდა და მანამდეც იქ პირად საქმეზე არაერთხელ ჩასულა.

დაკავებული ჯერ დუმილის უფლებას იყენებს - ამბობს ადვოკატი.

თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას არ აცხადებს. დღეის მონაცემებით, არანაირი ჩვენება მას მიცემული არ აქვს. როგორც მან დააფიქსირა  სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პირად საქმეზე იყო ჩასული, სადაც მოხდა მისი დაკავება თანამშრომლების მიერ. 11 აგვისტოს, როცა გაიმართება სასამართლო პროცესი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თავად იტყვის რა და როგორ მოხდა. ყველაფერს მოახსენებს აზოგადოებას და სასამართლოს, ვისია ეს იარაღები, მისი წარმომავლობა და ასე შემდეგ"- თქვა ადვოკატმა. 

გაიოზ ჩარკვიანის თქმით, ბექა ჭულუხაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

"საუბარი არ არის არავითარ დივერსიაზე და ტერორიზმზე"- დასძინა იურისტმა. 

ცნობისთვის, ბექა ჭულუხაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.

სუს-ი ამბობს, რომ დაკავებულს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

უწყების ინფორმაციით, ისინი ასევე მუშაობენ ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.

მსგავსი სიახლეები