კობახიძე OSCE PA-ს კრიტიკულ დეკლარაციას „დიპ სტეიტს“ უკავშირებს
ირაკლი კობახიძე ეუთოს წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მიუძღვნა და მას "აბსურდული" უწოდა.
"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე - ეს გამონათქვამი რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს"- თქვა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერმა, კვლავ ისაუბრა ევროპულ სტრუქტურებში "არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებზე".
არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთო-ც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებითა და ზეწოლისა თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მისი "დიფსთეითის" მორჩილი აგენტურით ჩანაცვლებაა". - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა თანამშრომლობის ხარისხი თავად საპარლამენტო ასამბლეის მომავალ საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.
„თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავ ჯო უილსონის დონეზე თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ. ეს იქნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.
8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში ასევე მოთხოვნილია შემზღუდავი კანონების გაუქმება.
ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
სესიას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი პროტესტის ნიშნით დატოვეს.