კობახიძე კაია კალასის განცხადებას პასუხობს

13.07.26 13:59
კობახიძე კაია კალასის განცხადებას პასუხობს

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებას პასუხობს და მას „სამარცხვინო დამოკიდებულებად“ აფასებს. მისი მტკიცებით, კალასი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება.

"ოცნების" ლიდერი აცხადებს რომ "ევროკავშირმა საქართველოს მიმართ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას" უნდა გადახედოს. 

 

ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებასა და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა.

ჩვენ ყველგან ვართ და სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხითაც.

რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაშ კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, გავიგეთ. 5 -ჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, 5-ჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება. გავიგეთ, რომ უნდოდათ, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს? აგენტურას არ იღებს. ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის, მზად ვართ იმისტვის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს ქართველი ხლხის წინააღმდეგ გასული 5 წლის განმავლობაში, - ამბობს კობახიძე. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების არარსებობის გამო, აქცენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე აკეთებს.

როგორც კალასმა „ევროსკოპთან“ საუბრისას აღნიშნა, ბრიუსელში ასევე იმსჯელეს, როგორ შეიძლება ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებს, რათა მათ „ევროპის იმედი არ დაკარგონ“.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირები პრაქტიკულად აღარ აქვს და არ სურს ხელისუფლების მხარდაჭერა, თუმცა განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გზების ძიებას.

 

მსგავსი სიახლეები