გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

13.07.26 14:31
გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

დაზარალებული ჟურნალისტი, გურამ როგავა სასამართლოში, სადაც მასზე ძალადობაში ბრალდებულ გდდ-ს თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობდა, ცარიელი ფურცლებით მივიდა, თუმცა ის სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ უთხრა, რომ  სასამართლო პროცესი დახურული იყო. 

“მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მითხრა, რომ სასამართლო პროცესი დახურულია და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, სხდომაზე დასწრებას ვერ შევძლებდი.

დასამალი აქვთ ის, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. წარწერა, რომელსაც თქვენ უყურებთ - საქალაქო სასამართლო, რეალურად არის ივანიშვილის სახელობის თოჯინების თეატრი, სადაც ეს თოჯინები სხვადასხვა როლს ასრულებენ.

მე თქვენ მოგიტანეთ, რა არის ჩემი საქმის მასალები - უზარმაზარი დასტაა, ეს მხოლოდ ნაწილია, შეგიძლიათ გაეცნოთ, დაგირიგებთ. მე ვისურვებდი, საქმეში არსებული ფურცლები კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ, რადგან როგორც თქვენ ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს, რომ თავს დამესხა, ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა, როცა აღიარებითი ჩვენება მისცა, უეცრად მოუნდა, რომ ეღიარებინა. აღიარებითი ჩვენება ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

საერთოდ არ ვიცი, რა გარემოებებში, რა პირობებში მიიღო გამოძიებამ აღიარებითი ჩვენება - ეს იყო ზეწოლა, მოსყიდვა, თუ სხვა მექანიზმები. მე ამ საქმეში ვარ მხარე, დაზარალებული, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ ვარ ჟურნალისტი, მე არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი, არ მჭირდება იმ ადამიანის დასჯა, რომელიც შესაძლოა, ჩემს საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდეს, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფრთიანი ანგელოზია. დღეს არსებული ამ ცარიელი ფურცლებით, რაც საქმეში დევს, მე როგორც პირველ რიგში, ჟურნალისტი, ვერ ვრწმუნდები, რომ მტკიცებულებები არსებობს საქმეში, რომელიც დაადასტურებდა ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას”, - განაცხადა როგავამ.

სასამართლო პროცესის დასრულებას ეზოში ელოდებოდა დაზარალებული ზვიად მაისაშვილიც.

მაისაშვილი მედიასთან ამბობს, რომ სახელმწიფოს არ სურს ის დანაშაული და ძალადობრივი ქმედებები გამოიძიოს, რაც 2024-2025 წელს მიმდინარე აქციებზე მოხდა.

წელიწად-ნახევარია გასული და მთელი ეს დრო გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება და უცებ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. კონკრეტულად ჩემს საქმეშიც ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე ორი ადამიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა საერთოდ არ ცდილობს გამოიძიოს, ის რაც ხდება. ეს ყველაფერი ფარსი და ტყუილია. შესაბამისად, სხდომებიც იმიტომ არის დაკეტილი, არ უნდათ ზედმეტი დეტალების გამოაშკარავება. მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემს ცემაში იღებდნენ მონაწილეობას. 

 თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა. ეს მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფო არ ცდილობს გამოიძიოს ის დანაშაული, რაც მოხდა“, - განაცხადა მაისაშვილმა.

მახარობლიძის გადაწყვეტილება საქმის პროკურორმა ასე ახსნა - როგავამ და მაისაშვილმა დაიგვიანეს და ამიტომ აღმოჩნდნენ დარბაზსს მიღმა.

ბრალდების მხარის ამ განცხადებას როგავას პროტესტი მოჰყვა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ის სხდომათა დარბაზთან იმ წუთიდან იმყოფებოდა, რა დროსაც ჯერ კიდევ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა მას უთხრეს, რომ სხდომა დახურული იყო. 

ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

მსგავსი სიახლეები