კობახიძე კაია კალსს დღესაც დაუპირისპირდა

14.07.26 15:41
კობახიძე კაია კალსს დღესაც დაუპირისპირდა

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს კომისრს დღესაც დაუპირისპირდა - "ქართული ოცნების" ლიდერი კაია კალასს "საქართველოს სუვერენიტეტის არაღიარებაში" ადანაშაულებს. 

მისი თქმით, "აბსურდშია შესული სრულად ევროპული ბიუროკრატია".

„ორივე თვალსაზრისით ჩანს, რომ აბსურდშია შესული სრულად ევროპული ბიუროკრატია. ერთი, რომ განიხილავენ შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე, მაშინ როდესაც საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნისთვის კავშირს შავ ზღვასთან. ანუ რამხელა აბსურდში არიან შესული, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. მეორე მხრივ, ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე ზედიზედ მეორედ, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებამ მიიღო მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან.

ასეთ დროს, როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%ის მიმართ. 

ახლა ვხედავთ, რომ უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100% ის მიმართ, რაც არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის 2 დღეა, მთავარ ამბად იქცა.

კალასის განცხადებას ორშაბათსვე, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური.

ირაკლი კობახიძემ „ევროპული ბიუროკრატია“ ისევ დაადანაშაულა საქართველოში „რევოლუციის მცდელობის“ დაფინანსებაში.

კაია კალასმა გუშინ ზღვარი გაავლო "ქართულ ოცნებას" და ქართველ ხალხს შორის. თქვა, რომ "ოცნების" მთავრობასთან კონტაქტი არ აქვს, ქართველ ხალხს კი მხარს უჭერს. 

მსგავსი სიახლეები