ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს პასუხობენ - საუბარია სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ამბიციების დავიწყებისა და ერთი მიზნისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.
კრიტიკა მოჰყვა Facebook live-ში გაჟღერებულ მოსაზრებასაც, სადაც სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ ძველი პოლიტიკური გაერთიანება, სავარაუდოდ, "რეჟიმის ჩარევისა" და მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში ყოფნის გამო ვერ შედგა.
"ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, "რეჟიმის დასამარცხებლად" მთავარი საზოგადოების კონსოლიდაციაა და ხალხი არაორგანიზებული ერთობის შესახებ საუბრით და მცდელობებით უკვე დაიღალა.
საზოგადოება უკვე დაიღალა ამ ამორფული, არაორგანიზებული ერთობების შესახებ საუბრით და მცდელობებითაც, პოლიტიკურმა პარტიებმა სცადეს გაერთიანება, ვნახეთ ალიანსი, რომელიც ერთი თვის შემდეგ უკვე აღმოჩნდა დაშლის პირას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მთავარი არის საზოგადოების კონსოლიდაცია რეჟიმის დასამარცხებლად, მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ვიაროთ უდანაკარგოდ და მე მგონი, ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ ის გზა, რომელიც "ლელო ძლიერმა საქართველომ" აირჩია, არის ყველაზე ეფექტური გზა. ორაკულის პოზიციიდან საუბრები და მოწოდებები, მე მგონია, არის უადგილო," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილი სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს ეხმიანება, როდესაც განაცხადა, რომ ერთიანობის ხელისშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, პოლიტიკოსების ტყვეობა ყოფილიყო.
ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვებს იხსენებს, რომ ის არა და არასდროს შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ ნაბიჯმა "საქართველოში პოლიტიკური ტყვეობა წაახალისა".
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთიანობაზე და ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს პოლიტიკოსების ტყვეობას. მას თავის დროზე აქვს ნათქვამი და გამეორებული ბევრჯერ, რომ არა და არასდროს შეიწყალებდა საქართველოს [მესამე] პრეზიდენტს, პოლიტიკურ ტყვეს, მიხეილ სააკაშვილს და ეს, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან იყო ნაბიჯი, რომელმაც აბსოლუტურად წაახალისა პოლიტიკური ტყვეობა საქართველოში და როდესაც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა გაუვიდა "ქართულ ოცნებას", შემდგომში გაუვიდა ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერის ტყვეობაც. ამიტომაც, ამ მხრივ თუ ვინმეს მიუძღვის დანაშაული, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის.
რაც შეეხება ერთიანობას, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის არის ერთიანი ყველასთან, ვინც ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს," - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავადაც შეუძლია დაიწყოს ეს პროცესი და "გააერთიანოს ვინც უნდა".
მიხარია, თუ ქალბატონ სალომეს 4 ოქტომბრის შემდეგ შეცვლილი პოზიციები აქვს იმიტომ, რომ არჩევნებს, რომ ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ ჰქონდა ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, ვინც იძახდა ამას ხმამაღლა. მაშინ ქალბატონი სალომე განსხვავებული პოზიციებით იყო წარმოდგენილი, როდესაც საუბრობდა, რომ სად მიდიანო, რომელ არჩევნებზეო, მე ვერ გამიგიაო.
რაც შეეხება გაერთიანების საკითხს, ქალბატონ სალომესაც შეუძლია ეს პროცესი დაიწყოს და ვინც უნდა ის გააერთიანოს," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, როდესაც შანსი არსებობდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობა ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილმა ამისთვის ნაბიჯები არ გადადგა.
როცა იყო შანსი, მათ შორის, რომ ყოფილიყო ერთიანობა, სალომე ზურაბიშვილმა ამისთვის ნაბიჯები არ გადადგა, სამწუხაროდ, მაგალითად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, როცა შეეძლო მას მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა. ასეა, ხან ვინ აკლებს რაღაცას, ხან შეიძლება ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს. სალომე ზურაბიშვილმა ღიად უნდა თქვას, ვის გამო ვერ ხერხდება ეს, თუ აქვს ინფორმაცია და როგორც თქვენ კითხვაში ჩანს, მას რაღაც მოსაზრება/ეჭვი აქვს ამასთან დაკავშირებით. შეუძლია თქვას ეს ღიად, მე ვერ ვხედავ პრობლემას, პარტია "ახალის" სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ პარტიებს შორის ერთიანობა ვერ შედგება, კოორდინაცია მაინც შედგეს," - განაცხადა თენგო თევზაძემ.