ივანიშვილი ემზადება, საქართველო ოფიციალურად გადაუფორმოს მის მემკვიდრეებს - სააკაშვილი
ივანიშვილი ემზადება, საქართველო ოფიციალურად გადაუფორმოს მის მემკვიდრეებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მისი თქმით, თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება, შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთზე ოფიციალურად უარის თქმა და მისი რუსეთისთვის გადაცემა იქნება.
მესამე პრეზიდენტმა მოქალაქეებს აქტიურობისა და „გადამწყვეტი ბრძოლისკენ“ მოუწოდა.
მე მინდა, მივმართო დღეს ქართველებს, ჩემო ძვირფასო თანამემამულე ქართველებო, ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალრიცხოვანმა დამპყრობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თქვენში გაექროთ განცდა, რომ ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ. პრაქტიკულად, ჩაგინერგეს, რომ ეს ქვეყანა დამპყრობლებისაა და თქვენ აქ დროებით ხართ, ხოლო დამპყრობლები მოვიდნენ და სარგებლობდნენ ამ ქვეყნის ყველა სარგებლით. მაგრამ, რამდენიმე ათწლეული გავიდა უკვე დამოუკიდებლობის შემდეგ და წესით, ეს უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისთვის, რომ თქვენში გაღვიძებულიყო ისე სამშობლოსადმი კუთვნილების და თქვენი სამშობლოს კუთვნილებისთვის ბრძოლა და საქართველოს თქვენდამი კუთვნილების განცდა და ინსტინქტი. ხოდა, ამიხსენით, რატომ აძლევთ დღეს საქართველოზე მომჯდარ ყაჩაღთა ბანდას, რომ ასე გაგძარცვონ, ასე დაგცინონ და ასე დაგამცირონ?
თბილისის, ბათუმის და თელავის გადანგრევა მიმდინარეობს. გავატარებთ ამ ნგრევასაც? მაშინ იცოდეთ, შემდეგი იქნება ჩვენი ძირძველი მიწის, აფხაზეთის, აფხაზეთზე ოფიციალურად უარის თქმა და მისი რუსეთზე გადაფორმება. და შემდეგ გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებზე საკუთრებაში. ნოტარიუსი უკვე ადგენს ჭორვილაში შესაბამის დოკუმენტს და მასზე ისევ თქვენ მოგაწერინებენ ხელს, აი, იმ ხალხს, ვინც საკუთარი კალმისტრებით მიხვედით 2012 წლის არჩევნებზე და საქართველო გადაიყვანეთ გზიდან და აღმოჩნდა ჩიხში.
ამ სიტუაციაში მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მე ეს ყველაფერი მოგეცით, ჩემი არაფერი მქონია აქედან, არც სახლი მაქვს საქართველოში, არც კარი. ყველა საჩუქარი, რომელიც მე მომცეს პირადად, სახელმწიფოს გადავეცი. მე ყველაფერი მოეცით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის, მოგიწოდოთ, ძალიან გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის და რწმენისთვის, რომ ჩვენ ერთად ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, - თქვა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამარლოში ოპოზიციონერი ლიდერების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.