შერიგების მცდელობა ბრალდებების ფონზე - როგორ გეგმავს "ოცნება" შტატებთან ურთიერთობის დალაგებას

17.07.26 20:06
შერიგების მცდელობა ბრალდებების ფონზე - როგორ გეგმავს "ოცნება" შტატებთან ურთიერთობის დალაგებას

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამერიკის ყოფილ ელჩ კელი დეგნანს ახალი ბრალდებებით უპირისპირდებიან. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ დიპლომატი პოლიტიკურ ტერორიზმში დაადანაშაულა, დღეს იგივე გზავნილი მამუკა მდინარაძემაც გაიმეორა. "ოცნების" გუნდი ამის საფუძვლად დეგნანის კრიტიკულ განცხადებებს ასახელებს, რომლებიც მან „რუსული კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ეს განცხადებები იმ ფონზე კეთდება, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. როგორ წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“ აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა მსგავსი რიტორიკის პირობებში - ეს კითხვა დღეს მამუკა მდინარაძეს დავუსვით.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ წინა ამერიკულ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ბრალდებები მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების აღდგენას ხელს არ შეუშლის. მისი თქმით, ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა და ის, რაც ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა, ტრამპის პირობებში აღარ განმეორდება.

მდინარაძეს ასევე შევახსენეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებული სანქციები და ვკითხეთ, როგორ ხსნის ორი განსხვავებული ადმინისტრაციის მსგავს მიდგომას. პასუხად კი კვლავ ე.წ. „დიფ სთეითის“ შესახებ შეთქმულების თეორიაზე მიუთითა.

ინტერვიუს განმავლობაში მამუკა მდინარაძე კონკრეტულ პასუხებზე მეტად ჟურნალისტების კითხვების კრიტიკით იყო დაკავებული. ერთ საკითხზე საუბარი თითქმის 20 წუთს გაგრძელდა და დისკუსია ძირითადად იმის გარშემო წარიმართა, რატომ ისმებოდა მის მიმართ ამდენი კითხვა. საბოლოოდ, დაძაბული პოლემიკის ფონზე, მდინარაძე აშკარად გაღიზიანდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები