მრავალმილიონიანი ქონება ერთ ლარად და ერთ დღეში შეცვლილი წესი - ვის მოარგეს კანონი

17.07.26 20:33
მრავალმილიონიანი ქონება ერთ ლარად და ერთ დღეში შეცვლილი წესი - ვის მოარგეს კანონი

თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე 3237 კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა სულ რაღაც 1 ლარად - „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ასეთი გარიგება მხოლოდ პრივილეგირებული ბიზნესჯგუფებისთვის აღმოჩნდა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გადაფორმება კომპანიას საჯარო რეესტრმა დაუხარვეზა, თუმცა მოვლენები მალევე შეიცვალა. იმავე საღამოს, 26 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამისი დადგენილება შეცვალა, მეორე დღეს კი განკარგულებით აღნიშნული ტერიტორია კომპანია „საქართველო 2030“-ს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა.

მართალია, კანონით სიმბოლურ ფასად პრივატიზაცია გაუქმებულია, თუმცა მთავრობას გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა კვლავ აქვს. სწორედ ამ მექანიზმით, გამოძიების მიხედვით, მოხდა ყოფილი სასტუმრო „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიის გადაცემა. თავად სასტუმრო ცოტა ხნის წინ „ქართუ ბანკის“ იპოთეკით იყო დატვირთული. კომპანია „საქართველო 2030“-მა ობიექტი „ქართუ ბანკისგან“ 18 მილიონ დოლარად შეიძინა, ხოლო მას შემდეგ, რაც 3237 კვადრატული მეტრი მიწაც 1 ლარად მიიღო, მთელი ქონება უკვე 33 მილიონ ევროდ გაყიდა.

„საქართველო 2030“-ის 50%-იანი წილის მფლობელები ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე და მისი მეუღლე არიან. გამოძიების მიხედვით, კვაჭაძე დაკავშირებულია კომპანია „ბლოქსთან“, რომელიც „ტრამპ თაუერის“ პროექტზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სხვა ბიზნესმენებთან ერთად მუშაობს. ამავე დროს, ლაშა კვაჭაძის კომპანია ფლობს წილს აზარტული თამაშების კომპანია „ბეთლაივში“, სადაც პარტნიორია ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის, ცოლის ძმა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები