"პირდაპირი გაგრძელებაა შარშანდელი ღალატის კომისიის" - მიხეილ სააკაშვილი 8 პოლიტიკოსის საქმეზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში 8 პოლიტიკოსის საქამეზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნა ოპოზიციის ლიდერების მიმართ "პირდაპირი გაგრძელებაა შარშანდელი ღალატის კომისიის".
მიხეილ სააკაშილი აღნიშნავს, რომ "აქაური დიქტატორის მიზანი მთლიანად ოპოზიციის განადგურებაა".
"საბოტაჟის საქმე" სხვა არაფერია თუ არა ანტი-რუსული მოღვაწეების განადგურება და სინამდვილეში პირდაპირი გაგრძელებაა შარშანდელი ღალატის კომისიის. წინა დღეებში, საოკუპაციო კოლაბორაციონისტულმა დიქტატურამ საბოლოოდ მოიხსნა ნიღაბი, როცა მოწმეებად გამოიძახა პირდაპირ რუსული ორგანიზაციების წევრები. გადავხედოთ განსასჯელთა სიას და შევხედოთ რისთვის უშვებენ მათ სინამდვილეში ციხეში:
- - ხოშტარია და მელია - გავრილოვის ღამე
- - გვარამია რუსეთის და პირდაპირ პუტინის წინააღმდეგ ტელეგადაცემებისთვის
- - გიორგი ვაშაძე - უკრაინაში მუშაობისთვის 2014 წლის შემდეგ, იქ სახელმწიფო სერვისების რეფორმირებისთვის
- - ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ანაკლიის პროექტში ამერიკელების შემოყვანისთვის.
- -მე, როგორც საქართველო წარმატებული დამოუკიდებელი კურსის სიმბოლო. ასევე ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინის აქტიური მოქალაქე. ეს არის პირდაპირ ლიუბიანკაზე შედგენილი სია.
ნუ, რა თქმა უნდა, აქაური დიქტატორის მიზანია მთლიანად ოპოზიციის განადგურება და ამით აიხსნება ამ სიაში ზ. ჯაფარიძის დამატებაც. ამიტომ ახლა რაიმე კლასიკურ ოპოზიციაზე და მითუმეტეს პარტიულ მრავალფეროვნებაზე საუბარი არის დიქტატურის თამაში. საჭიროა სრულფასოვანი, ანტი-საოკუპაციო წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება, ვისაც ეს არ ესმის აუცილებლად აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე:
ირაკლი კობახიძე ისევ ოპოზიციას ემუქრება - "ქართული ოცნების" ლიდერი ღიად აანონსებს, რომ 2028 წლამდე პოლიტიკური ველი მოსუფთავდება და მსხვილი ოპოზიციური პარტიები გაქრებიან.
ივანიშვილის დაფუძნებული პარტია ამას საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით აპირებს. კობახიძეს ტელეკამერებსი წინ არ დაუმალავს, რომ მას ოპოზიციის წინააღმდეგ შექმნილი სარჩელი ეიმედება.