"ბრძოლა იქნება უკომპრომისო" - ოპოზიცია კობახიძეს პასუხობს

17.07.26 11:47
"ბრძოლა იქნება უკომპრომისო" - ოპოზიცია კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ისევ ოპოზიციური პარტიების აკრზალვას აანონსებს, ოპონენტები პასუხობენ. "ლელო - ძლიერ საქართველოში" პირდაპირ ამბობენ, რომ რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ. გიორგი სიორიძის თქმით, ოპოზიციის აკრძალვა "ოცნების" პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

"ქართულ ოცნებაში" კარგად იციან პარტიების აკრძალვას რა ფასი შეიძლება, ჰქონდეს მათთვის. დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი მათი პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი კოალიცია "ძლიერი საქართველო" არის, პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულები ვართ იდეისთვის და ვართ ჩართული უკომპრომისო ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: რაც არ უნდა მოხდეს, მოვლენათა განვითარების ნებისმიერ სცენარში ჩვენ პოლიტიკური ბრძოლას არ შევწყვეტთ, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები კი ამბობენ, რომ თუკი ოპოზიციის აკრძალვის პროცესი დაიწყება, ისინი შესაბამის სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ.  

"ქართული ოცნება" პოლიტიკური პატიმრბეი ციხეში შებრუნებასთან ერთად აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, როცა დაიწყება ეს პროცესი, გვექნება შემდეგ უკვე სამართლებრივიც და პოლიტიკური ნაბიჯები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა პირველად როცა წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი, ჩვენ განვაცხადეთ თუ რა იქნებოდა ჩვენი გეგმა, აქედან გამომდინარე, უბრალოდ, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელი აიღოს იმ განზრახვაზე, რასაც ერთპარტიული რეჟიმის დამყარება ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, - ამბობს თენგო თევზაძე. 

ენმ-ში ამბობენ, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ივანიშვილის გუნდმა ბოლომდე ვერც ოპოზიციის და ვერც თავისუფალი მედიის გაქრობა ვერ მოახერხა. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ახლა ყველაზე სწორი გამოსავალი ბრძოლის გაგრძელებაა. 

ბოლომდე ვერ მოუღო ბოლო, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა აქვს, ივანიშვილმა როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ისე თავისუფალ მედიას, ისე არასამთავრობო სექტორს. ამიტომ მარტივად არის საქმე: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა და წინააღმდეგობაში გამარჯვება იქნება სწორედ დიქტატურის ჩაბეტონების შეჩერება, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.  

ირაკლი კობახიძე ისევ ოპოზიციას ემუქრება -  "ქართული ოცნების" ლიდერი ღიად აანონსებს, რომ 2028 წლამდე პოლიტიკური ველი მოსუფთავდება და მსხვილი ოპოზიციური პარტიები გაქრებიან.

ივანიშვილის დაფუძნებული პარტია ამას საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით აპირებს. კობახიძეს ტელეკამერებსი წინ არ დაუმალავს, რომ მას ოპოზიციის წინააღმდეგ შექმნილი სარჩელი ეიმედება.