ივანიშვილის კოორდინირებული ქება? - რას ამბობენ "ოცნებაში"
გასცეს თუ არა ბიძინა ივანიშვილის საქებარი პოსტების გამოქვეყნების დავალება პარტიულ ჩატში? ამ კითხვით დღეს "პირველებმა" "ოცნების" იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომელთაც აღნიშნული შინაარსის პოსტები დღეს ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს.
ნინოწმინდას მერი ამტკიცებს, რომ მსგავსი დავალება არავისგან მიუღია და საკუთარი სურვილით მოქმედებდა.
არავის არ უთხოვია, არავის დავალებით არაფერს ვაზიარებ, - ამბობს ანივარდ მოსოიანი.
იგივეს ამტკიცებს "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანიც, თუმცა კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ყველას ამ პოსტის დადების სურვილი მაინც და მაინც დღეს და ერთდროულად, მერი აღარ პასუხობს.
არ მაინტერესებს, მე პირადად ჩემი სურვილით დავწერე. პატივცემულო, კარგად იყავით, - ამბობს მაკარიანი.
აღნიშნული კითხვის საპასუხოდ დღეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე დაიწყო საუბარი ირაკლი ქადაგიშვილმაც.
ჩემი ვოისია, რომ სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, სანამ ქართველი კაცი უამრავ ქართულ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ ქართველი კაცი რუსთაველის თეატრში შევა, ოპერის თეატრში შევა, მარჯანიშვილის თეატრში შევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევა, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა და მრავალა დგილზე შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშს მოისმენს თუ დატკბება, რა თქმა უნდა, იქ ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება. ეს არის ჩემი ვოისი და ჩემი პასუხი.
ყოველ შემთხვევაში, ჯობია, იმ უმსგავსობას, რასაც ახალგაზრდა, სამწუხაროდ, გოგონები და ბიჭები სჩადიან, მაგას სჯობია, ის ჩამონათვალი შევაქოთ, რა ჩამონათვალიც ძალიან მცირე ნაწილი მე ახლა გავაჟღერე, - თქვა დღეს ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში კამპანია წამოიწყეს. საჯარო მოხელეები და პარტიის წევრები ერთმანეთის მსგავსი შინაარსის პოსტებსა და ხმოვან შეტყობინებებს აქვეყნებენ, რომლებშიც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მხარდაჭერას უცხადებენ.