სიორიძე: გუშინ, პროკურატურისკენ მიმავალი რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით გადადგა

29.07.26 11:57
სიორიძე: გუშინ, პროკურატურისკენ მიმავალი რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით გადადგა

გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე, „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე საუბრობს.

პოლიტიკოსის თქმით, "ოცნებამ" კორუფცია არნახულ მასშტაბებზე აიყვანა და ეს ვრცელდება როგორც მინისტრების, ასევე დაბაილ რგოლების დონეზეც. 

სიორიძე ამბობს, რომ სისტემურ კორუფციას ერთი და ორი პირის დემონსტრაციული გასამართლება ვერ უშველის და მისი დამარცხება, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით არის შესაძლებელი. 

გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე, „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხალხის ფულის გაყოფაში. მაშინ, როდესაც გუნდში, ივანიშვილის კარზე, გადაწყვეტენ, რომ ვიღაც უნდა გაიწიროს, ვხედავთ, რომ ან თანამდებობას ატოვებინებენ, ან საერთოდაც ციხის გზას გაუყენებენ ხოლმე. ეს არის ის, რაზეც ჩვენ, „ძლიერი საქართველო- ლელო“, თავისუფალი მოქალაქეები, ოპოზიციური სპექტრი წლებია ვსაუბრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში შექმნა სისტემური კორუფცია, კორუფცია აიყვანა, მანამდე არნახულ მასშტაბსა და დონეზე, ამას აკეთებენ როგორც პრემიერ - მინისტრების, მინისტრების დონეზე, ასევე, სახელმწიფო აპარატის ყველაზე დაბალი რგოლების მეშვეობით.

ამ სისტემურ კორუფციას არ უშველის ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება. სისტემური კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის ცვლილებასთან ერთად“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადება თიკა რუხაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს."

 

მსგავსი სიახლეები